ლაშა ბუღაძე: “რთული რეალობის წინაშე ვართ!”

ლაშა ბუღაძე: "რთული რეალობის წინაშე ვართ!"მწერალი ლაშა ბუღაძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ რთული რეალობის წინაშე ვართ, ადამიანებს გონიერება უნდა ეყოთ და ექიმებს დაუჯერონ:

“დაკვირვების გარდა არც არაფერი დაგვრჩა ცხადია, თუმცა საკმაოდ რთული რეალობის წინაშე ვართ მრავალი კუთხით. ის პრობლემა, რომ ყოველთვის რაღაცნაირად სახელმწიფოში კიდევ არის ერთი სახელმწიფო, რომელიც არ ემორჩილება ქვეყანას, ახალი არ არის. ვგულისხმობ საპატრიარქოს და ეს იწყება 1991 წლიდან საპატრიარქოს დაპირისპირებით საქართველოს პირველ პრეზიდენტთან.

დღეს არის ძალიან საწყენი ის, რომ ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნებში როგორი ერთიანობაა ამ ვირუსთან ბრძოლის კუთხით. ყველა ემორჩილება სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. ჩვენ მოქალაქეებმა გადავწყვიტეთ და მოვითხოვეთ, სახელმწიფომ ჩვენი უფლებები შეზღუდოს, რომ ჩვენ გადავრჩეთ.

ამ მომენტშიც კი ქართველებმა მოვახრხეთ და გამოვძებნეთ დაპირისპირებულობის შესაძლებლობა. ამის კატალიზატორია, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება და შემდეგ ეს ორგანიზაცია საპატრიარქოს სახით. მესმის, რომ ბევრი ღიზიანდება ამაზე, მაგრამ გაღიზიანებები ძალიან არააქტუალური გახდება თუკი სოცოცხლე და ჯანმრთელობა გახდება არააქტუალური.

საპატრიარქო ჩემთვის არ წარმოადგენს არანაირ მორალურ ინსტიტუციას, თუმცა არიან ძალიან მორალურად პატივსაცემი სასულიერო პირები. ვხედავთ, რომ ზოგიერთი მთავარეპისკოპოსი ცდილობს გარკვეული ფორმის გამოძებნას, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთი ძალიან ცდილობს გამოავლინოს სრულიად გაუგონარი, შეუგნებელი სიჯიუტე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თუკი გადავრჩებით, ეკლესიის ავტორიტეტს დააზარალებს ცალსახად.

ამ სიბნელეში ვიღაცეები ცდილობენ სინათლის შემოტანას და მათდამი პატივისცემით ვარ განწყობილი.

ამ სიბნელეში, მხედრიონულ, ძველბიჭულ, 90-იანი წლების რიტორიკაში, სადაც პირდაპირ რქებით გვაწვება ზოგიერთი წვეროსანი, რომელიც თავს სასულიერო მაღალ იერარქად მიიჩნევს და თან ჯიუტად თავის აგრესიას ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთოხოების წინაშე წარმოაჩენს რწმენას, თითქოს ვინც სახლში სხედან, ურწმუნოები არიან ტოტალურად.

ჩვენ ყველანი ვემორჩილებით წესებს, ვცდილობთ დავემორჩილოთ, და ამ დროს არის ინსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ წესი არ მეხება, წესები და კანონები თქვენთვის არის, მე რა წესსაც დავიწესებ, ის არის ჩემი, მე ვიქნები ცალკე მოვლენა, რომელიც დამატებით პრობლემას შეგიქმნით თქვენ – საზოგადოებას.

ამ დროს პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. უსუსურია ხელისუფლება, არამკაფიოა, სუსტია. მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი სამარცხვინოა. სამარცხვინოა, რომ ხალხს გვაკისრებენ პასუხისმგებლობას, რომ თურმე ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. გამოვიჩენთ ამ პასუხისმგებლობას როგორც შეგვიძლია, მაგრამ ეს ისეთივე იდიოტიზმია, ადამიანს არჩევანის საშუალება რომ მისცე გაჩერდეს თუ არა შუქნიშანზე, როცა წითელი აინთება, თავად გადაწყვიტოს დაარტყამს თუ არა მანქანა. მარაზმია, როდესაც ასეთ დროს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა. ახლა გაახსენდათ არჩევანის თავისუფლება.

ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სახელმწიფოს. მე ეს ხელისუფლება არ მომწონს, ეს არ არის ჩემი ხელისუფლება, ძალიან კრიტიკული ვარ მის მიმართ, მაგრამ ახლა ამ ხელისუფლებას ვემორჩილები. იმიტომ რომ ამ სახელმწიფოს წარმოადგენს ახლა ეს ხელისუფლება. მაშინ ყველა ყველას უპირისპირდება, როგორც სახარებაშია. ეს გვინდა? ეს ხომ მარაზმია. ეს ხომ გარკვეული ომია ჩვენი სიცოცხლის წინააღმდეგ. ახლა ადამიანები ერთად უნდა იდგნენ საშინელი მზაკვრული ფენომენის წინაშე.

ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ ხელები პირდაპირი მნიშვნელობით ულოღნონ ამ ე.წ. სასულიერო პირებს, მარტო ამას ვხედავ პირადად მე, მეტს ვერაფერს ვერ ვხედავ, ამიტომ ისევ და ისევ ექიმებს, რომელთა მადლობლებიც ვართ და რომელთა იმედადაც ვართ, უნდა დავუჯეროთ. ბოლო პერიოდი ექიმების ეპოქაა, ვაჟა გაფრინდაშვილის ამბით დაიწყო და დღესაც ვუყურებთ ჩვენ გმირ ექიმებს.

ვუსმინეთ პაატა იმნაძის გამოსვლას და, როგორც იქნა, დავინახეთ მკაფიო, შემზარავი გზავნილი მთელი საზოგადოებისთვის ექიმისაგან. ახლა ისინი არიან მხედართმთავრები, არც ხელისუფლება, არც საპატრიარქოს მომხედრიონელო ჯგუფი არ არის მთავარი, მთელი საზოგადოება უსმენს ექიმებს. ექიმები უნდა იყვნენ მკაფიოები. იტალიის ქალაქის მერებს რომ ვუსმენდით და გვეცინებოდა, რა საყვარელი მერები ჰყოლიათო, ახლა ხომ მივხვდით, რომ ეს არის სრული ისტერიკა, ძალიან სწორი თვალსაზრისით. პაატა იმნაძე სახეა იმ ადამიანებს შორის, ვისაც ვუსმენთ და მათ ინტონაციას ვაკვირდებით, რომ ვიცოდეთ რა წესებით უნდა ვიმოქმედოთ, რომ კოლაფსი არ მოხდეს.

ამერიკა და ევროპა დაძლევს ამას. ხომ არ გვერევა, რომ ჩვენ ამერიკაში არ ვცხოვრობთ, ძალიან სუსტი და ღარიბი ქვეყანა ვართ. პასუხისმგებლობა თუ არ გამოვიჩინეთ ვერანაირი სისტემა ამას ვერ გაუძლებს.

ამინდები რომ გამოვიდა, აქვე გავისერნე და როცა მოვუსმინე პაატა იმნაძეს, მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, არც აქვე არ უნდა მესეირნა, არათუ ტაძარში წასვლა. ვინ არის ვინმე ჯაღმაიძე, ის მე ავირჩიე? სახელმწიფოს წარმოადგენს? რატომ მიწესებს კანონებს? ვინ არის ამაზე პასუხსიმეგებლი? სუპერმარკეტში ჩვენ არ ვკოცნით სალარო აპარატს და მოლარეს შეიძლება დიდი სურვილის მიუხედავად. როცა ერთი კოვზით იღებს საზიარო პურს, ან როცა კოცნიან ერთსა და იგივე ხატსა და შუშას, ეს არის პრობლემა, თორემ ერთმანეთს არ ვკოცნით ბანკის რიგში რომ ვდგავართ. ზოგისთვის აიფონიც და მანქანაც წმინდაა და ესეც მესმის. ადამიანისთვის ბარძიმიც წმინდაა, ესეც მესმის, თუნდაც რიტუალში არსებული კოვზი, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემაა წესი.

ყველა დავემორჩილოთ კანონს. პაატა იმნაძემ თქვა, ერს შეექმნება ყოფნა-არყოფნის პრობლემა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა თქვას.

ქართული აღდგომა არ უნდა გადაიქცეს ზეიმად შავი ჭირის დროს. ეს არ არის კატასტროფის და კვდომის, ეს არის განახლების გადარჩენის ზეიმი და თვითჩაღრმავების ზეიმი. ძალიან ინტიმური საკითხებია. ადამიანები მესმის, რომ სხვადასხვანაირად გამოხატავენ შიშებს, ცდილობენ სხვადასხვანაირად დაიმშვიდონ თავი, მათ შორის ტაძარში მისვლით, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ადამიანთა ერთად ყოფნაა პრობლემა.”