ხელოვნების სასახლის უმნიშვნელოვანესი სიახლე

პირველად საქართველოს ისტორიაში - უნიკალური დოკუმენტები ხელოვნების სასახლეშისაქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს სახელწოდება შეეცვალა და ოფიციალურად ეწოდა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი.

ინფორმაცია ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა:

“საქართველოს მთავრობის 8 აპრილის 224 დადგინელებით, ჩვენს მუზეუმს ნაცვლად “საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა” ოფიციალურად ეწოდა: “საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი”.

პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. მუზეუმმა მიიღო ის წოდება, რომელიც მას ეკუთვნოდა, რომელიც კარგად ასახავს საგანძურში და დარბაზებში დაცული კოლექციების მნიშვნელობას, არ ზღუდავს პროფესიული მოქმედების არეალს და უფრო სწორად გადმოსცემს მის პროფილს! რადგან აქ წარმოდგენილია არამარტო ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის, არამედ ქართული ქსოვილის, მოდის, დიზაინის, ეთნოგრაფიის, გამოყენებითი და ხალხური ხელოვნების, ცირკის, ფოტოგრაფიის, ერთი სიტყვით, მთელი ჩვენი კულტურის ისტორია!

უზომოდ გახარებული ვარ, რადგან ამ დასახელებაში მთლიანად მოექცა როგორც ჩვენი მუზეუმის პროფილი, ისე დაცული ექსპონატების შინაარსი, პერიოდი, მნიშვნელობა. დასახელებაში ასევე აისახა მუზეუმის კუთვნილი შენობის, ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლის მნიშვნელობაც.

კულტურის ისტორიის მუზეუმი მსოფლიოში არაერთია, მათ შორის დავასახელებ: გერმანიის, ნორვეგიის, ხორვატიის და იაპონიის იგივე დასახელებების მუზეუმს!

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სამინისტროს და საქართველოს მთავრობას რომელმაც მოისმინა, სწორად გაიგო და გაიზიარა ჩვენი არგუმენტები. დიდი მადლობა მინდა კი ვუთხრა ასევე ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც სულ ცდილობდნენ ჩვენს შეზღუდვას, ჩვენს ვიწრო პროფილურ მუზეუმად წარმოჩენას და, აქედან გამომდინარე, მოქმედების არეალის შეზღუდვას, რომ არა მათი მუდმივი ოპონირება, ეს პროცესი ამ ლოგიკურ დასასრულამდე გვიან მივიდოდა.

ასე რომ, დღეიდან საქართველოში ახალ სიცოცხლეს იწყებს საკმაოდ ძველი და მდიდარი – კულტურის ისტორიის მუზეუმი! მუზეუმი, რომელიც თავიდანვე დიდი მასშტაბებისათვის იყო ჩაფიქრებული. დამაარსებელმა დავით არსენიშვილმა იგი თავიდან სასტუმროს ნახევარსარდაფში სათეატრო მუზეუმად დააფუძნა, შემდეგ იყო: მუსიკა, ქორეოგრაფია, კინო, ამას დაემატა საკრავები, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნება, დღეს კი მსოფლიო მნიშვნელობისა და სტანდარტის კულტურის ისტორიის მუზეუმად ჩამოყალიბდა!”

ხელოვნების სასახლის უმნიშვნელოვანესი სიახლე