21 აპრილი, 2020

ჯემალ ღაღანიძის უდიდესი საჩუქარი

ჯემალ ღაღანიძის უდიდესი საჩუქარირუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე თავს უბედნიერეს მსახიობად მიიჩნევს, რადგან მიაჩნია, რომ მშობლიურმა რუსთაველის თეატრმა ნამდვილად დააფასა და ყურადღება და პატივისცემა არ მოაკლო.

რაც შეეხება საოცნებო როლს, მსახიობი არ მალავს, რომ ასაკთან ერთად საოცნებო როლებიც იცვლება:

“ხდება ხოლმე, როცა გრძნობ, ეს როლი რომ მეთამაშა, ალბათ ვითამაშებდიო. მერე დროს მოაქვს ყველაფერი, ადამიანი ფიზიკურადა იცვლება და გონებრივადაც და შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოს, რომ გინდოდა იმ როლის თამაში.

ერთი პერიოდი ძალიან გამხდარი და მაღალი ვიყავი და შეიძლება დონ კიხოტზე მეფიქრა, მაგრამ იმ მომენტში მზად არ ვიყავი, ჩემი ასაკი არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ ამხელა როლი წამომეკიდებინა.
მსახიობს თავისი ამპლუა აქვს და რეალურად უნდა იფიქროს. პირადად მიმაჩნია, რომ სახასიათო მსახიობი ვარ, იმიტომაც არის, რომ 4-5 კაცი ვართ თეატრალურ სამყაროში, რომლებმაც მივიღეთ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია, მე, ლეილა აბაშიძე, გივი ბერიკაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე და გოგა პიპინაშვილი. გადმოცემით ვიცი, რომ იპოლიტე ხვიჩია ოტელოს როლის თამაშზე ოცნებობდა. ამხელა კომიკოსი მსახიობი თურმე ასეთ ტრაგიკულ როლზე ოცნებობდა. არადა, მას უკვე თავისი გამორჩეული ადგილი ჰქონდა ქართულ ხელოვნებაში. სულ ვამბობ, იპოლიტე ხვიჩია ქართველი ჩარლი ჩაპლინი იყო. გეოგრაფიულად ცოტა დიდი ქვეყანა რომ ვიყოთ, მაშინ მართლა იქნებოდა იგი საკადრისად ცნობილი მსახიობი, მაგრამ ხომ იცით, ცოტა დაჩაგრულები ვართ ამ მხრივ.”

ჯილდოები და პრემიები ჯემალ ღაღანიძისთვის, რასაკვირველია, სასიამოვნო და სასიხარულოა, თუმცა მიაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდო და უდიდესი საჩუქარი მაყურებლის სიყვარულია:

“ჯილდოები და პრემიები არ მაკლია – მარჯანიშვილის სახელობის პრემიაც მაქვს, სახელმწიფო პრემია, სტალინური პრემია საოცნებო იყო მსახიობისთვის, მოსკოვში, კრემლში გადმოგვცეს ეს პრემია და იმ პერიოდისთვის ეს უდიდესი მოვლენა გახლდათ.

არაერთი ჯილდო დავიმსახურე, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო და უდიდესი საჩუქარი თქვენი – მაყურებლის სიყვარულია. ჩვენ, მსახიობები სწორედ ამით ვარსებობთ. დიდი მსახიობი ხარ თუ პატარა, ქუჩაში რომ გიცნობენ და სიყვარულს გამოხატავენ, ეს უკვე ყველაფერია.”