იუდას საოცარი მონოლოგი

იუდას საოცარი მონოლოგი“იუდას მონოლოგი” – ასე ჰქვია პოეტ მიხეილ ქვლივიძის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც საიდუმლო სერობას ეძღვნება:

“მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ
ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი
და თქვა იესომ: “მამლის მესამე
დაყივლებამდე ერთი თქვენგანი
მიღალატებსო” …”მიღალატებსო?”
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა,
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით, დუმილმა სული დაღალა
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვიდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა.
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არა ჩანს და არ ჩანს!
ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა-ღაღადი,
მოკვდება ღმერთი, თუ ეხლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითაო ეს უმძიმესი
საქმე – გავიღო მსხვერპლი საჩინო:
უნდა გავწირო კაცი-იესო,
ქრისტე-ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა! ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,
ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი
და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!”