5 აპრილი, 2020

ის, რაც ერეკლე მეფეზე უნდა ვიცოდეთ

ის, რაც ერეკლე მეფეზე უნდა იცოდეთმეფე ერეკლემ მთელი თავისი სიცოცხლე სამშობლოს დაცვაში გაატარა. ბრძოლებში ხან დამარცხებული, ხან გამარჯვებული არასდროს ღალატობდა მთავარ პრინციპს – ყოფილიყო საქართველოს ერთგული და თავისი საქციელით მაგალითი მიეცა დანარჩენი ქართველებისთვის.

,,ერეკლე მეფე კიდევ გადაარჩენს საქართველოს” – ეს წმინდანად შერაცხული გაბრიელ ბერის სიტყვებია.

“არტ ინფო” გთავაზობთ ხალხურ გადმოცემებს ერეკლე II-ის შესახებ:

ირაკლი არაბული, 84 წლის, თეთრწყლები:

,,ერთ თავადს ომში ერეკლესთვის თავისი ბიჭები დაუმალია. გამარჯვებული ერეკლე შვიდ კაციანი ამალით მისდგომია ამ თავადის ციხეს. თავადს უფიქრია შვიდი კაცით სამტროდ არ მომადგებოდაო, დიდი სუფრა უბრძანებია და ერეკლესთვის ციხის კარიც გაუღია. ციხეში შესულ ერეკლეს ხმალი შემოუხსნია და ამ თავადისთვის და თავის ბიჭებისთვის მუშტით სულ ყბები და ნეკნები დაუნგრევია, იმის მარჯვენას ვენაცვალე და თან მონადაც გაუხდია.”

მოსე მგელაურიძე, 81 წლის, ქვემო ალვანი:

“მეფე ერეკლეს თურმე ლაშქარში მეომრები უცოლშვილოდ უბერდებოდნენ. მშვიდობიანობას მეომრები ხმლების ლესვაში და საგმირო საქმეებზე ოცნებაში ატარებდნენ დროს. ერეკლეს ბევრი უფიქრია და ბოლოს, ოცდახუთი ჯეელი დაუგზავნია ქალების მოსატაცებლად. თურმე ალგეთის ხეობამდე გასულან და თოთხმეტ-თხუთმეტი წლიდან თუ ვინმე იყო გასათხოვარი ერეკლეს მოლაშქრეებისთვის ჩამოულალნიათ.”

კოსტა ჯიჯურიძე, 77 წლის, ქვემო ალვანი:

,,მეფე ერეკლეს თურმე ჭრილობები დასწყლულებია. ექიმს უთქვამს, რომაო ქათმის ნახარში უნდა მიირთვაო. სახტად დამრჩალ მეფეს უთქვამს თურმე: ,,შე ვერანავ ეხლა მარხვაა და მე რომ ქათამი ვჭამო, ჩემი ლაშქარი ხომ ქვეყანას გადაჭამსო’’.

თედო რაზიკაშვილმა კი ერეკლე მეფეზე ხალხში გაბნეული ლეგენდები ჩაიწერა:

ერეკლე და თუში

ერთი თუში დარაჯად მდგარა ერეკლეს სასახლეში. მწუხრის ბინდბუნდში სასახლისკენ მიმავალი მეფე ვერ უცნია და ვინ ხარო? – დაუძახია. მეფეს არ უპასუხია. თუში დასწევია და გვარიანი ლაწანი გაუდენია. ერეკლე აღშფოთებულა: – „რას შვრები, ბრიყვო, შენს მეფეს სცემო?!“ შეშინებულ თუშს ენა ჩავარდნია ერეკლეს მხარზე ხელი მოუთათუნებია და უთქვამს: – ყოჩაღ, თუშო, მუდამ ეგრე ფხიზლად უდარაჯე მეფის სასახლესო…

თუში ბობღიაშვილი

ერთ მოხუცებულ თუშს, გვარად ბობღიაშვილს, თორმეტი ძე ერეკლეს ლაშქარში გაუგზავნია. თერთმეტი ძმა ომში დახოცილა. ნაბოლარაღა გადარჩენილა. შინ დაბრუნებულისთვის მამას უბრძანებია, – უკანვე წადი და ძმებს მიბაძეო. ისიც წასულა და ბრძოლის ველზე დაღუპულა.
უშვილძიროდ დარჩენილ ბობღიაშვილს უთქვამს, ცოლი უნდა მოვიყვანო – იქნებ სამშობლოს ერთი გმირი კიდევ დავუტოვოო. მართლაც, აისრულა წადილი და ორი ვაჟკაცი შესძინა საქართველოს.”