ის, რაც აკა მორჩილაძეზე უნდა იცოდეთ

ის, რაც აკა მორჩილაძეზე უნდა იცოდეთმწერალ აკა მორჩილაძეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ლადო კილასონია მწერლის შესახებ ძალიან საინტერესო ამბავს გვიყვება:

“არ შეიძლება მე კითხვაზე და წიგნებზე ვილაპარაკო და ეს კაცი არ ვახსენო. პირველად ჩვენი სოფლის თუჯის ღუმელთან შევხვდი, ღუმელის დასანთებად ქართული ჟურნალიდან რომ უნდა ამომეხია ნაცრისფერი ფურცელი, მე კი ის ჟურნალი რატომღაც გადავშალე, ჩავიჭყიტე და ღუმელი სხვა ქაღალდით დავანთე, იმიტომ რომ რუხ ფურცელზე მიდღაბნილმა შავ-თეთრმა ნახატმა და სათაურმა, შემდეგ კი უცნაურმა, ჩემთვის ასე კარგად ნაცნობმა სიტყვებმა დამაინტერესა, რომლებიც ყოველ დღე მესმოდა ქუჩაში, მაგრამ არასოდეს მენახა ფურცელზე. ეს კაცი ხომ 90-იანების იმ ქართველი მწერლების ერთ-ერთი წინამძღოლია, რომლებმაც უარი თქვეს ძველი საბჭოთა შტამბით წერაზე, ფრანგული კინოს ახალი ტალღის რეჟისორებივით პავილიონებიდან ქუჩაში გავიდნენ და მბზინავ, მაგრამ ყალბ დეკორაციებს, ირგვლივ არსებული თუნდაც მყრალი რეალობა არჩიეს.

როგორც ყოველთვის არც წელი მახსოვს და არც ჟურნალის სახელი, ისე კი “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებმა” დამანთებინა ჩვენი ბებერი ღუმელი სხვა ფურცლით.

– ვიცი ეგ ბიჭი, – თქვა მამამ. მამას ვინც მოსწონდა, იმაზე არასოდეს იტყოდა კაციო. ეგეთები მისთვის სულ ახალგაზრდა, შემძლე, გულიან ბიჭებად რჩებოდნენ, – სარბიელში მუშაობდა ზალიკო გიგინეიშვილთან ერთად და ისე მაგრად წერდა რეგბიზე, თამაში მოგინდებოდა!

მაშინ რაგბი საქართველოში არავინ იცოდა, ვინც იცოდა ის რეგბის ეძახდა, არც ბორჯღალოსნები ქუხდენენ და არც სტადიონზე გვიშვებდნენ.

მერე კი აკა მორჩილაძის წიგნებმა თონის პურივით, ერთი-მეორეს მიყოლებით დაიწყო გამოსვლა და მეც ვკითხულობდი და ვკითხულობდი.

ბუხრის წინ ჩამჯდარი მოხუცივით კი გამომდის შვილიშვილებს რომ უყვება ოდესღაც ნამდვილ, წლების თოვაში გაზღაპრებულ ამბებს, მაგრამ სადაც ვყოფილვარ, იუტას შტატის ჩრდილოეთში, მორმონებით გაძეძგილ სოლტ-ლეიკ-სიტიდან დაწყებული, სამხრეთ-აფრიკის ინდოეთის ოკეანის პირა ვეება და საშიში დურბანით დამთავრებული, ეს კაცი სულ თან დამყვებოდა, მაშინაც კი, როცა მისი წიგნები თან არ მქონდა.

სამხრეთ-აფრიკული ცხრა თვე (როდესაც დურბანის “ჰარლიქვინზის” საერთო საცხოვრებელის ციცქნა ოთახში საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი დანგრეული, ღარიბი ქვეყანა მერჩია მთელს მსოფლიოს) საერთოდაც მისმა წიგნებმა გადამაგორებინა, გიუშკიმ და ახლა უკვე თბილისურ ლეგენდად ქცეულმა გოგლიკომ და კიდე ნამღვდელარაანთ ხეტიამ და სუნგალებმა.

მერეც სულ მეხმარეობდა, მიიოლებდა რაღაცეებს. დღემდე ასეა.

რომელი ერთი ვთქვა ამ კაცის გემრიელი საჩუქრებიდან? მუსა ყასიმი და მისი ოთხი ცოლი, ბადუნა ფავნელი თუ ლუარსაბ თათქარიძის სიყვარულით და სიბრალულით სავსე წასვლა ომში, ბუჭუტა შევარდნაძე თუ ქემერა, რაჯა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოთქმული სიტყვა თუ ის გადაცემები, რომლებიდანაც ეს წვერიანი ზორბა კაცი ისე უბრალოდ გიყვება ძალიან მაგარ ამბებს, გეგონება დიდი ხნის მეგობრები ხართ, შენთან მოვიდა სტუმრად, სხედხართ და ჩაის სვამთ! და კიდევ, ისლამ სულთანოვი და მადონე – საქართველოს დასავლურ პატარა ქალაქში გადმოსახლებულ-გადმოხიზნული ქირბალის უკანასკნელი ხანი და ყაჩაღად გავარდნილი და ქალიშვილად დარჩენილი ქალი. იმიტომ რომ სწორედ “მამლუქი” და “ობოლე” არის ის ორი წიგნი, რომლის კითხვა არ მბეზრდება.

საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ აკა მორიჩლაძის თითქმის ყველა წიგნი წაკითხული მაქვს, გიო ახვლედიანს კი სულ ერთხელ შევხვდი, დიდუბეში, წიგნის ბაზრობაზე. ვახსოვდი, მანამდე ორჯერ მივწერე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ თბილისზე მაინტერესებდა რაღაცეები, ორივეჯერ მიპასუხა.

მერე შეხვედრა დაიწყო, “პანელ დისკუსიას” რომ ეძახიან ახლა. გიო უკვე კარგა ხანი იყო რაც ინგლისში ცხოვრობდა.

– მე იქ ჩემი სახელი მწერლობით არსად დამხვედრია, თუ ვინმე გიცნობს ქართველს, ეგ რაგბის ამბავია, – თქვა, მომძებნა და თვალი ჩამიკრა, ეგ იყო და ეგ.

ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულ უმკითხველო ლიტერატურას ამ ერთი ბეწო ქვეყნისთვის გასაოცრად ბევრი კარგი და მაგარი მწერალი ჰყავს, ოსტატი კი ” ერთი. იმიტომ რომ დაიჭერ რამე საინტერესოს, დაალაგებ გონებაში გადაიტან ფურცელზე, გააშალაშინებ, ჩააღრმავებ, დაიხარჯები, დაიღლები, მერე კი გადაშლი მის წიგნს, ჩახედავ ამ მსუბუქად, მარტივად (ისე თითქოს ფურცელთან ჩავლილმა გაკრა ხელი პასტას) ნათქვამ იმ სიტყვებს შენს მაღაროზე ბევრად უფრო ღრმად რომ მიდიან და უკეთეს შემთხვევაში გული დაგწყდება, უარესში კი დაიბოღმები.

რომ როცა ჭურს თავს მოხდი “იქიდან საქართველო ამოვარდება”, რომ “მისი ამოშავებული კალთების სუნი სულ თან დამქონდა”, რომ “სანამ თოფი ყაჩაღსაც ჰქონდა და გლეხსაც, ტყვიას მგონი სხვანაირად უყურებდნენ” და რომ “ამ მოგონილ ქვეყანას არაფერი სცხია ვეფხისტყაოსნის, არც იმ საბრალო ილია ჭავჭავაძის, რომელსაც, როცა არ დაეზარებათ, მაშინ შეანჯღრევენ ხოლმე, არც მიხა ხელაშვილის, არც სხვა ვინმესი, ვინც მიყვარს და ვაფასებ.

ამ ქვეყანას მოუკლეს ავთანდილები, მეგობრის დასახმარებლად წასული ბიჭები, ამ ქვეყანას მოუკლეს ტარიელები, მართლა შეყვარებული ბიჭები, ამ ქვეყანას არც თინათინები დაუტოვეს და არც ნესტან დარეჯანები.

ერთი კოშკში გამოკეტილი ქალიც კი არ შეარჩინეს, რათა რომელიმე რაინდი მის გათავისუფლებას ცდილიყო. თუ ქალი არ არის, რაინდი საიდანღა მოვა?”

და მიუხედავად ამისა, ჩემი წიგნების თაროზე შემოდებული აკა მორჩილაძის ფოტოიანი სანიშნიდან დაღლილი, მაგრამ კეთილი თვალები შემომყურებენ, რომლებმაც ამდენი იციან ჩვენზე და მაინც ვუყვარვართ.

და ალბათ, სწორედ ამიტომ, როდესაც მამა კვდებოდა, მე სულ აკა მორჩილაძის წიგნებს ვკითხულობდი, რადგან ზუსტად ვიცოდი – არაფერს მატკენდა.”