22 აპრილი, 2020

გურამ ფანჯიკიძე – დაუმორჩილებელი მწერალი

გურამ ფანჯიკიძე - დაუმორჩილებელი მწერალიმწერალ გურამ ფანჯიკიძის ნააზრევი ყველა თაობის მკითხველისთვის აქტუალურია:

“ფული გალაღებული კაცის პატივმოყვარეობის ყველაზე ადვილად დასაკმაყოფილებელი საშუალებაა…”

“ჭკვიანებმა იციან რა ილაპარაკონ, შტერები კი ლაპარაკობენ იმას, რაც იციან…”

“ჭორის გაზვიადებაში ხალხის ფანტაზია გიგანტურ მასშტაბებს აღწევს…”

“დიდი სიხარულის წინ ადამიანს აუცილებლად ეუფლება დეპრესია…”

გურამ ფანჯიკიძე თავისი შემოქმედებით ამბობდა სათქმელს და იმ დაუმორჩილებელ შემოქმედთა სიაში იყო, ვინც კომუნისტურ რეჟიმს მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა.

„სპირალი”, „თვალი პატიოსანი,” „მეშვიდე ცა” – ეს გურამ ფანჯიკიძის ნაწარმოებების მცირედი ჩამონათვალია, რომელთა გმირებიც მკითხველს დიდი ხნის განმავლობაში არ ავიწყდება. მწერლის ერთ-ერთი ბროშურის ბოლო გვერდზე საპროტესტო განცხადებაა, რომლის ავტორიც ერთ-ერთი პერსონაჟია:

“მკითხველის საყურადღებოდ ვაცხადებ! არ დაიჯეროთ ის შეთითხნილი კონფლიქტი, რომელშიც ჩემმა ავტორმა გამხვია. დადებითი გმირი.”

თაკო ჩარკვიანი:

“მწერალ გურამ ფანჯიკიძის დაბადების დღეა – სულ მგონია, რომ არიან მწერლები, რომელთა შემოქმედებასაც თავიდან უნდა მიუბრუნდეს მკითხველი, რადგან იმ ძალიან მძიმე პერიოდში (რეჟიმში კომ-რეჟიმს, ვგულისხმობ) მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნდებოდნენ, იბეჭდებოდნენ, მაინც ახერხებდა (ნომენკლატურა) მათ სამომავლო “შეფუთვა-დამალვას”.

სხვათა შორის, ამას უკეთებდნენ, ზუსტად იმ მწერლებს, ვისი არაცნობიერი შიში და რიდიც ჰქონდათ, მათი დაუმორჩილებელი ხასიათის გამო (ა, ბატონო, დაბეჭდილი ხარ, მაგრამ პოპულარიზაცია, ნურას უკაცრავადო).

როცა “თვალი პატიოსანი” გამოქვეყნდა ჟურნალ “ცისკარში” და რედაქტორი გახლდათ ჯანსუღ ჩარკვიანი, დიდი ამბავი ატყდა, რადგან პირდაპირ “უბრახუნებდა” მაშინ “მაღალ ეშელონში” გამეფებულ კორუფციას და საერთოდ “ჩამყაყებულ აზროვნებას” (და გარეთ არ დაგვავიწყდეს სუსხიანი 70-იანი წლებია).

მე პატარა ვარ და ღამეა, კარზე ზარია, მამამ გააღო, როგორც ჩან,ს უკვე ელოდებოდა – გურამ ფანჯიკიძეა, დედამ ოთახში შესვლის უფლება არ მომცა, თვითონ შევიდა, კარგა ხანს, რაღაცაზე საუბრობდნენ, დედა, მამა და ძია გურამი, მერე მოგვშივდაო მამაჩემმა და უკვე შუა ღამით “შეუბერეს” დედაჩემის გაკეთებული “სალიანკა”, როგორც მამაჩემი ამბობდა ირმას “ფირმა” “სალიანკა” არისო.

მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ძალიან გვიანი იყო და მე არ მეძინა, შესაბამისად, აღარც სკოლაში მომიწევდა წასვლა, რადგან ვხვდებოდი, რაღაც “ჩეპე” ხდებოდა და “საქმეში გასულივით” ბედნიერად შეშინებული ვიყავი და მას შემდეგ ეს შეგრძნება, რამდენჯერმე მქონია. სიხარული, არაცნობიერი შიში და ცოტა სიამაყეც თუ გადაერევა, ხომ მართლა ბედნიერი ხარ, რადგან გრძნობ, რომ ცოცხლობ ამ ქვეყნად, შენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები გაქვს და (სხვა დანარჩენი, სასიამოვნოდ ფეხებზე გკიდია).

მოკლედ, წლების შემდეგ შევიტყვე დედასგან, რაზეც უსაუბრიათ იმ ღამეს მამას და გურამს – შეთანხმებულან, ხვალ რომ დაგვიბარებენ “მთავლიტის” – ნომენკლატურის კრებაზე, ზუსტად ერთი და იგივე უნდა ვთქვათო, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან მწერალი ფანჯიკიძე ამბობდა, რომ ჩემი ბრალია, მე ვაიძულე, რომ დაებეჭდაო, ხოლო ჟურნალის რედაქტორი ჩარკვიანი ამბობდა, არა, ბატონო, არ აპირებდა დაბეჭდვას, მე გამოვაქვეყნებინე ძალითო, მოკლედ, იქ “ცოტა” ძმაკაციც მიეშველათ თამაზ სანიკიძე, რომელმაც თქვა, კარგია რომ დაიბეჭდა დაფარული არაფერი არ ვარგაო და ასე გადარჩნენ და მეგობრობდნენ მთელი ცხოვრება.

ჯანსუღს სიცოცხლის ბოლომდე თავისი ძმაკაცის შვილების მიმართ საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა, რაღაცნაირი უკიდეგანო მზრუნველობის, მფარველობის შეგრძნებით, თითქოს თვითონ, რომ ცოცხალი იყო და ისინი არა, ეს ერთგვარი ვალი – მოვალეობა იყო აქ დარჩენილი კაცის – კაცის-მეთქი ვთქვი, რადგან კაცები იყვნენ, კარგი კაცები, გენიალური ხალხი წავიდა, ძალიან მარტივად უყვარდათ და ამიტომ ცხოვრობდნენ რთულად – უყვარდათ ეს ქვეყანა, უყვარდათ და მორჩა, მარტივად და გენიალურად, რადგან ყველაფერი მარტივი – გენიალურია (ეს ჩვენ ვართულებთ თორემ) მოკლედ – მიყვარხართ- ასე მარტივად მინდოდა მეთქვა, მიყვარხართ და მორჩა.”