11 აპრილი, 2020

გურამ ოდიშარიას უმაგრესი ჩანაწერი

გურამ ოდიშარიას უმაგრესი ჩანაწერიმწერალ გურამ ოდიშარიას შემოქმედებას ქართული ლიტერატურის მოყვარულნი კარგად იცნობენ.

“არტ ინფო” გთავაზობთ მის მოთხრობას “ბურანი”:

“მოსკოვში, ტიმირიაზევკაში სწავლებისას, ერთი რუსი მეგობარი მყავდა, ვასილი კუზმიჩი, მეცნიერი იყო, ჩრდილოეთ პოლუსს იკვლევდა და ამიტომაც ხშირად დახეტიალობდა ჩრდილოპოლუსელთა სხვადასხვა ექსპედიციასთან ერთად.

კარგად მოგეხსენებათ, ჩრდილოეთში ექსპედიცია გზას ძაღლებშებმული მარხილებით მიიკვლევს. თითოეული მარხილის ძაღლებს თავიანთი წინამძღოლი ჰყავთ. წინამძღოლს, იმისათვის, რომ წინამძღოლი გახდეს, რამდენიმე შებრძოლება უწევს ძაღლებთან, ხანდახან სამკვდრო-სასიცოცხლოც.

ერთ-ერთი ექსპედიციის დროს ვასილ კუზმიჩის მარხილის ძაღლებს ბურანი წინამძღოლობდა. ბურანი ახალგაზრდა, შავბეწვიანი, გულთეთრა და მკერდგანიერი ძაღლი იყო. ვასილს გამორჩევით უყვარდა ბურანი. ძაღლმა კაცის ენა არ იცოდა, თორემ ყველაფერს აგებინებდა ვასილს.

რაც უფრო უახლოვდებოდა ექსპედიცია პოლუსს, მით უფრო მძვინვარებდა ყინვა – ყოველღამე თითო-ოროლა ძაღლი ეწირებოდა სიცივეს. დილით მკვდარ ძაღლს ხსნიდნენ ჯაჭვს და სხვა ძაღლით შეცვლიდნენ. მკვდარს იქვე ტოვებდნენ… და მარხილები გზას განაგრძობდნენ.

წინამძღოლი, რა თქმა უნდა, სათავეში ედგა მარხილს, მას ჯაჭვზე წყვილ-წყვილად მიბმული ძაღლები მიჰყვებოდნენ. ღამითაც არ იძინებდნენ ძაღლები, წინამძღოლი ჯაჭვის თავში იწვა, მის უკან კი, თოვლში, ორ-ორად ჩაწოლილი ძაღლები ისვენებდნენ.

თანდათანობით მძლავრდებოდა ყინვა, მატულობდა დაღუპული ძაღლების რიცხვიც.

ერთ ღამეს, როდესაც ყინვა თითქმის გაუსაძლისი გახდა, ვასილ კუზმიჩი შეშფოთდა, შეეშინდა – ბურანი არ გაიყინოსო. წინამძღოლი ჯაჭვიდან ახსნა, კარავში შეიყვანა და ძელზე თოკით მიაბა. თვითონ უმალ ჩაეძინა, სიცივისა და მთელი დღის სიარულისაგან გადაღლილს.

როდესაც გაეღვიძა, ძელზე ჩამოკონწიალებული თოკის ნაგლეჯს ჰკიდა თვალი, ღამით ბურანს თოკი გადაეღრღნა და გაქცეულიყო.

გარეთ გავარდა ვასილი კუზმიჩი, ხედავს, ბურანი კვლავ თავის ადგილზე წევს, წინამძღოლის ადგილზე, მარხილის თავში, დრუნჩი თათებში აქვს ჩარგული და კაცისკენ არც იყურება, განაწყენებულია მასზე. ძაღლებიც თავ-თავიანთ ადგილზე იმყოფებიან, ორ-ორად წვანან თოვლში.

ატირდა მაშინ ვასილ კუზმიჩი, მიხვდა, დამნაშავე იყო ბურანის წინაშე, წინამძღოლს რომ კარავში გაეთია ღამე, მეორე დღეს ძაღლები მას არ გაიკარებდნენ, არ იგუებდნენ, არ ჩაუდგებოდნენ ბურანს კვალში, არ დაიჭიმებოდა მათი ჯაჭვები გიტარის სიმებივით, ადგილიდან არ დაიძვრებოდა მარხილი.

ძაღლები ბურანს არ აპატიებდნენ კაცის კარავში გატარებულ ღამეს, სხვა წინამძღოლს შეარჩევდნენ.

მოდით, ჩვენს, ადამიანებს შორის მყოფ ყოველ იმ წინამძღოლს გაუმარჯოს, რომლებიც ცოტათი მაინც ჰგავს ბურანს! დამერწმუნეთ, ერთი, ორი ან დიდი-დიდი, სამი კაცის სადღეგრძელოა ეს! მეტის არა!”