30 აპრილი, 2020

გივი სიხარულიძის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერი

გივი სიხარულიძის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერიგივი სიხარულიძე ბევრისთვის მსახიობი და მოცეკვავეა, ბევრმა არ იცის, რომ ის მწერალიც არის.

“იმედის ხაზები” – ასე ეწოდება ხელოვანის ნაწარმოებს, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ:

“რის ვაი-ვაგლახითა და წვალებით მიღებული ამერიკის ვიზით, ერთი ინტელიგენტი ქართველი ქალბატონი, ლუკმა-პურისა და ბედის საძებნელად ოკეანის გაღმა მიემგზავრებოდა…

მიემგზავრებოდა და ცრემლის ნიაღვარში ტოვებდა თავის ერთადერთ პირმშოს. დედამისს კი ასჯერ გაუმეორა: “- შენ იცი, ჩემს სიცოცხლეს როგორც მოუვლიო.” წასვლის წინ შვილი კედელს მიაზომა, თავთან ხაზი გაუსვა და თვალცრემლიანმა უთხრა – “ჩემო ვაჟკაცო, იცოდე, სანამ კედელზე მეორე ხაზი გაჩნდება, ან თან წაგიყვან, ან უკან დავბრუნდებიო”.

მერე, ელდანაკრავივით შეტრიალდა და ისე, რომ უკან აღარ მოუხედავს, ჩაესვენა მანქანაში, რომელსაც აეროპორტში მიჰყავდა. ბიჭი გარინდული იდგა და კედელზე გასმულ ხაზს შესცქეროდა. მერე თითის წვერებზე აიწია და ცდილობდა ხაზს ასცილებოდა. თვე თვეს მისდევდა, წელი-წელს. ბიჭი იზრდებოდა და, კედელზე ხაზებიც ისევე მატულობდა, როგორც მის ოთახში გამოგზავნილი ამანათების გროვა. დედა კი არა და არ ჩანდა. ბიჭი ტელეფონის ყურმილში დედის ხმას კი არა, უკვე სუნთქვასაც გრძნობდა.

– დედიკო, როდის ჩამოხვალ და თან წამიყვან, – ამით იწყებოდა მათი საუბარი.
– მალე, ჩემო ერთადერთო, – გაისმოდა დედის შორეული ხმა ყურმილში. მაგრამ, ეს “მალე” უსასრულობაში იკარგებოდა.

ერთ დღეს, მეზობელს, ონკანი ღია დარჩა და წყალმა ქვედა სართულის კედლები ჩამორეცხა. უცნაური ის გახლდათ: იმ კედელს, რომელზეც ბიჭის ზომები იყო აღნიშნული, წყალმა ვერაფერი დააკლო. ბიჭმა ხაზებიან კედელს ააყოლა თვალი, რომელიც ცისკენ მიმავალ უსასრულო კიბეს დამსგავსებოდა: – “თქვე მატყუარა ხაზებო, თქვე მოღალატეებო!” – სიმწრისგან მუშტი გაჰკრა კედელს და გულში ამდენი ხნის დაგუბებული ბავშვური ბოღმა და ნაღველი ცრემლს გაატანა.

ოთახში ზარის ხმა გაისმა. ბიჭი ყურმილს დასწვდა: “ალო!.. გისმენთ, რომელი ხართ,” – ისმოდა მისი ათრთოლებული ხმა – “მე ვარ, შვილო, როგორა ხარ, დედა გენაცვალოს…” “-კარგად” – უპასუხა ბიჭმა და საკუთარ ცრემლს მოერია. მერე კი, დიდი ვაჟკაცივით, დინჯად მიუგო – “გამაგებინე, დედა, სანამდე უნდა ვავლო ხაზები კედელზე…” “-ცოტაც მოითმინე, ჩემო პატარავ, ხომ იცი, იმისათვის ვარ აქ, რომ არაფერი მოგაკლო. ხომ ყველაფერი გაქვს, რასაც ინატრებ, ჩემო სიცოცხლევ და სიხარულო!” “-კი, დედა, ყველა ოცნება შემისრულდა, შენი ნახვის გარდა,” – სევდით წარმოთქვა ბიჭმა და ყურმილი იქვე მდგომ ბებიას გაუწოდა.

მათი მცირე დიალოგის შემდეგ, სატელეფონო ხაზი გაწყდა და ყურმილში გაისმა გამაღიზიანებელი წყვეტილი ხმა. თითქოს ტელეფონისა და კედლის ხაზებს ერთმანეთში პირი შეეკრათ და არც ერთი აღარ აპირებდა ბიჭის ცხოვრებიდან გაქრობას.

პატარა კი იზრდებოდა უდედოდ, ტელეფონის ხაზის წკრიალსა და კედლის ხაზებს შორის… ერთ დღეს, ამერიკიდან დარეკეს და ბებიას მწუხარე ხმით ამცნეს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც თურმე, უკურნებელი სენით იყო დაავადებული, გარდაცვლილიყო. “- ვაი, შვილო!” – შეჰკივლა მოხუცმა და გულწასული დაეცა – “ბებო, ბებო!” – გაიძახოდა ბიჭი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, აჯანჯღარებდა ახლა უკვე თავის ერთადერთ იმედს.

როგორც იქნა, ქალმა თვალი გაახილა. როცა გონებაში ყველაფერი აღიდგინა, გრძნობები დათრგუნა, შვილიშვილი გულში ჩაიკრა – “არ შეშინდე, ბებო, არაფერია, ცოტა ცუდად გავხდი…”

ერთი კვირის შემდეგ, ამერიკიდან ცხედარი სახლში ჩამოასვენეს. ხოლო ბიჭს დედის სანაცვლოდ მის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიში შეაჩეჩეს ხელში.

გახსნილი ანგარიში და დახურული ცხოვრება… აი, იმ მრავალი ემიგრანტის ბედი, რომლებიც, ბედის უკუღმართობით, მთელ მსოფლიოს იყვნენ მოდებულნი. იყო ერთი ვაივიში და თალხით შემოსილ ქალთა გოდება. მეზობლებმა სარდაფში ჩაგდებული მტვრიანი ტახტი ამოიტანეს, საგულდაგულოდ გაწმინდეს, ხალიჩა გადააფარეს და ცხედარი ზედ დაასვენეს.

იდგა ბიჭი და დასცქეროდა გარდაცვლილ, ნანატრ დედას. თვალი რამდენიმე ხაზისაგან დაღარული კედლისაკენ გაექცა. მერე, კედელთან მშვიდად მივიდა, იმედის გამაცრუებელ ხაზებს წაშლა დაუწყო… როგორც კი დედის აღნიშნულ ხაზამდე მივიდა, ცხედარს გახედა… მიცვალებულის უკვე დასვენებული სახე ზუსტად მის მიერ ათი წლის წინ აღნიშნულ ხაზს საყვედურობდა…

ბიჭს, ბავშვისათვის შეუფერებელი გმინვა აღმოხდა: “- მადლობა, დედა, სიტყვის შესრულებისათვის. აკი შემპირდი, სანამ მეორე ხაზის გასმა დაგჭირდება, დავბრუნდებიო…”