17 აპრილი, 2020

გივი სიხარულიძის საყურადღებო გაფრთხილება

გივი სიხარულიძის საყურადღებო გაფრთხილებამწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე თითოეულ ჩვენგანს გვაფრთხილებს და გვიზიარებს ჩანაწერს “სიკვდილის „ეშაფოტზე“:

“იანვარში, ერთი ჩვეულებრივი დღის მიწურულს, გზად მიმავალს თითქოს თვალთ დამიბნელდა, ცას ავხედე და საშინელება ვიხილე! – შავი ნისლით დამძიმებული ზეცა ბოღმანარევი მზერით დაჰყურებდა დედამიწას. მივხვდი, რომ ეს მოვლენა შემთხვევითი არ იყო, არც წვიმისა და ქარბუქის მაუწყებელს ჰგავდა. თითქოს ჰადესის ნაშიერი ზეცად აჭრილაო და განრისხებულს შავად შეეღება იქაურობა. მეორე დღის გათენების მეშინოდა, ვფიქრობდი, უეჭველად ცუდი ამბავი უნდა შევიტყო-მეთქი, მაგრამ, საბედნიეროდ, მოვტყუვდი, საოცრად კაშკაშა, მზიანი დღე გათენდა, მხოლოდ ნიავი იქცეოდა უცნაურად, თითქოსდა უკანასკნელად ეფერებაო სამყაროს. ჩავფიქრდი, ნუთუ ესოდენ შენიღბულია ამინდი? ხედავთ როგორ შეუძლია შეგაძრწუნოს, სული აგიფორიაქოს, ცუდის მოლოდინით განგაწყოს და მერე ეს მოლოდინი აბსოლუტურად გაგიქარწყლოს.

ვფიქრობდი რის ავის მომასწავებელი ღრუბელი, რის ცხოვრების ავბედითობა? მომდევნო დღეებში კაშკაშა მზემ მწუხრი დათრგუნა და ისე ალაგმა ზეციდან, რომ ნასახიც კი არსად დატოვა. ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით გაგრძელდა. უეცრად, 26 თებერვალს შევიტყვე, რომ საქართველოში არა კორონა ვირუსის, არამედ კორონა ჭირუსის დიაგნოზით პაციენტი სტაციონარში მოათავსეს! გამახსენდა ძაძებით მოსილი ზეცა, რომელიც ღმერთმა უბედურების მაცნედ გამომიგზავნა. წინა საუკუნეებიდან მოყოლებული, უფალი მსგავს განსაცდელს სხვადასხვა გვარ-სახელებით; – ე.წ. „ესპანკა“ იქნებოდა თუ შავი ჭირი, ხოლერა თუ ტიფი ცალკეულ სახელმწიფოებს და ერთეულ ქალაქებს მოუვლენდა ხოლმე, დღეს კი, ამ ცოდვილ, ზნედაცემულ, მორალისგან დაცლილ, უსიყვარულოდ დარჩენილ მსოფლიოს, ღმერთმა საყოველთაო განაჩენი გამოუტანა! ხელი ხშირად დაიბანეთო, პირბადეები იხმარეთო, გვიკიჟინებენ ინფექციონისტები და ვირუსოლოგები. ისე, თუ ღრმად ჩავუკვირდებით, პირი დიდი ხნის წინ უნდა შეგვემოსა პირბადით, რამეთუ დაგვავიწყდა, რომ ღმერთმა ენა-პირი აიაზმასავით სასიამოვნო სიტყვების და არა გესლის აღმოსაფრქვევად მოგვცა. ახლა პირბადე თვალით უხილავი, მსახვრალი ვირუსისაგან იცავს ჩვენს სასუნთქ სისტემას, ვირუსისაგან, რომელსაც ცნობადობის უნარი დაუკარგავს და მდიდარსა თუ ღარიბს, ჩინიანსა თუ უჩინოს ერთნაირად უსწორდება. ჩვენ კი, განსაცდელის ჟამს, ნაცვლად იმისა, რომ კაცობრიობა ერთ მუშტად შეიკრას, საპირისპიროდ ხდება. არც ეს პატარა, რუკაზე ძლივს ხილვადი ქვეყანა, საქართველოა გამონაკლისი. სხვადასხვა ტელეეთერიდან გამუდმებით ერთმანეთის ქილიკი და განკითხვა ისმის.

ექიმები, რომლებმაც თავის ჯანმრთელობა სასწორზე დადეს და ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლის წინა ხაზზე მოგვევლინენ, ვიღაც უმსგავსონი მკურნალობის პრინციპს უწუნებენ. უმადურობა ქვეყნის ყველაზე დიდი დაავადებაა. უცქერს ტელემაყურებელი ამ ჭაღარა, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ღაღადებენ – დავრჩეთ შინ! ბრძოლაში უიარაღოდ დარჩენილთ, მხოლოდ ეს აქვთ ხელჩასაჭიდი. გვევედრებიან, რომ დავიცვათ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი ახლობლების სიცოცხლე, ვუცქერ მათ და სევდა მომერია, სამივე მათგანს მშვენივრად ვიცნობ, ვიცი რა დონის ექიმები არიან, როგორ უყვართ თავიანთი საქმე და ქართველი ხალხი. ჟრუანტელმა შემიპყრო – ისინი ხომ სიკვდილის მომასწავებელ „ეშაფოტზე“ ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად შეგნებულად ასულან. არავინ იცის ბედის ირონია რომელს გამოაცლის სასიკვდილო სკამს ფერხთით.

მოგეხსენებათ, რამდენ განიერ ბეჭიან და კუნთმაგარ ბიჭს ვიცნობდი ქალაქში, რომლებსაც თავი მწვანე კიტრად მოჰქონდათ და გამომწვევად იქცეოდნენ. ახალგაზრდობაში მეც, სხვათა მსგავსად, ისინი გმირებად მიმაჩნდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ გმირი და ვაჟკაცი ის არის, ვისაც სიყვარული ძალუძს. აკი ნათქვამია, „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ!“ ჰოდა, აგერ ჭაღარა, ხანში შესული, ჩვენს ჯანმრთელობასა და გადარჩენაზე მაფიქრალი ჩვენი დროის გმირები: – გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე! ულამაზესი, მედგარი ქალბატონები – ექიმები ბრძოლის წინა ხაზიდან! მედდები თუ დამხმარე პერსონალი საქართველოს მასშტაბით. უხილავი მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები! ბედნიერი ვარ, რამეთუ ცხოვრებამ ერთხელ კიდევ დამიმტკიცა, რომ ილია ჭავჭავაძის, ცოტნე დადიანის, გრიგოლ ფერაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ამბროსი ხელაიას, იოსებ ჟორდანიას, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, მღვდელი კარტოზიას, ზურაბ ჭავჭავაძის, ჟიული შარტავას და ბევრ მსგავსთა ქვეყანაში გმირული სულისკვეთება დღესაც არ წყდება. მწამს, რომ ქვეყანას, რომელიც ასეთი გმირების სიუხვით გამოირჩევა, გადაშენება არ უწერია!”