18 აპრილი, 2020

გიორგი ლეონიძის გადარჩენილი ათონის სახარება

გიორგი ლეონიძის გადარჩენილი ათონის სახარებამწერალმა და პოეტმა გიორგი ლეონიძემ, ლიტერატურის მუზეუმის ერთ-ერთმა დამაარსებელმა უძველესი ოთხთავი, ათონის სახარება საქართველოდან გატანას გადაარჩინა.

გიორგი ლეონიძე ლიტერატურის მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი და მუზეუმის პირველი დირექტორი იყო. ამჟამად ლიტერატურის მუზეუმი სწორედ მის სახელს ატარებს.

“…მუზეუმი საოცარი არსებაა. მუზეუმი არის მეტად მომხვეჭი პიროვნება, მეტად ხარბი, მეტად ძუნწი და მეტად კრიჟანგი. ესე იგი უნდა შეაგროვო, მომხვეჭი იყო… უნდა ძუნწი იყო, უნდა დაჰკანკალებდე ზედ, ხომ? და ამავე დროს მუზეუმი არის ყველაზე გულუხვი, უნდა აჩვენო ყველაფერი, ყველამ უნდა ნახოს, ყველამ უნდა გაიხაროს, ყველა უნდა აღიზარდოს ამ წმინდა რეალობაზე… ეს ორი საწინააღმდეგო თვისება აქვს მუზეუმს…”

უძველესი წიგნი რომელიც ლიტერატურის მუზეუმში ინახება გიორგი ლეონიძის მიერ შეძენილი ოთხთავია, რომელსაც მუზეუმის მესვეურები პირობითად, ათონურ ოთხთავს უწოდებენ.

“რომ გათავდებოდა სამსახური, ერთი ძველი პორტფელი მქონდა და დავდიოდი ოჯახ-ოჯახ, კითხვა-კითხვით, რომ რაიმე მომეგროვებინა. ზოგს, იყო შემთხვევა, რომ ფინ-ინსპექტორი ვეგონე და მიმალავდნენ, მიმასწავლიდნენ, იქ არისო… დიდი ამბები იყო მაშინ. ბევრჯერ ლანძღვაც მსმენია.

განა არ იყო კურიოზი ასეთი ამბავი: მარტო იმიტომ, რომ მე ვიყიდე ათონის სახარება მე-10 საუკუნის ეტრატი, რომელიც მიდიოდა ერევანში უკვე, გამოვგლიჯე და საქართველოს დავუტოვე. ამაზე დამაბეზღეს, დაწერეს ოფიციალური დოკუმენტი, ლეონიძემ მღვდლების წიგნი იყიდაო… იმ კაცს ეგონა მღვდლის, რაკი სახარება იყო. მმართველი იყო დიდი დაწესებულების…” – იგონებდა გიორგი ლეონიძე.

გიორგი მთაწმინდელის ნათარგმნი XI საუკუნეში (ლეონიძე მე-10 საუკუნეს წერს, მაგრამ ვერ იქნება, გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების თარიღების გამო (1009 – 1065). წიგნს ანდერძი ახლავს მთაწმინდელის, რომ ნამდვილად მისი თარგმანია). გადაწერილია XII საუკუნეში. გადამწერის ვინაობა უცნობია.

უბის სახარება, ზომა: 6,5 x 9 სმ., ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა, თხელი სპილოსძვლისფერი ტყავის 244 ფურცელი, კლასიკური ნუსხური, ტექსტი ორ სვეტად, სათაურები და საწყისი ასოები ოქროვარაყიანი სინგურით, ვარაყიანი თავკაზმულობით. ხელნაწერს ახლავს გვიან (სავარაუდოდ XIV ს.) ჩამატებული ოთხივე მახარებლის ფერადი მინიატიურები.

სახარება ათონიდან საქართველოში ჩამოიტანა მღვდელმონოზონმა ილია ფანცულაიამ და 1929 წელს მიჰყიდა სარგის კაკაბაძეს. ლიტერატურის მუზეუმმა კი სახარება სარგის კაკაბაძისგან 1944 წელს შეიძინა.