28 აპრილი, 2020

გიორგი გოგიჩაიშვილი – ბავშვების გამბედნიერებელი

გიორგი გოგიჩაიშვილი - ბავშვების გამბედნიერებელიგიორგი გოგიჩაიშვილი – ყველასთვის უბრალოდ გოგიჩა ბავშვების გამბედნიერებლის სტატუსით სრულიად დამსახურებულად სარგებლობს.

მასთან დაკავშირებული თითოეული ისტორია სავსეა სითბოთი, სიყვარულით და არაამქვეყნიური სიკეთით. ალბათ სრულიად სამართლიანია, რომ მას ახლობლები ყველაზე დიდ ბავშვს ეძახდნენ.

გოგიჩას ცხოვრება მან სან კანთან, ტელევიზიასთან და, რა თქმა უნდა, “ბასტი ბუბუსთან” არის დაკავშირებული. “ბასტი ბუბუმ” და გოგიჩამ არაერთ ბავშვს აჩუქა უბედნიერესი და ლაღი ბავშვობა.

თავად მუდამ ფილმში გადაღებაზე ოცნებობდა და ეს ოცნება აუხდა კიდეც. ფილმში პირველ გადაღებას კი ყოველთვის სიცილით იხსენებდა:

“სულ ვოცნებობდი ფილმში გადაღებაზე და, როგორც იქნა, ეს ოცნება ამიხდა. მიმიწვიეს ფილმში, მთელი ღამე არ მეძინა, ისე ვინერვიულე. მივედი გადასაღებ მოედანზე, მიმაყენეს კედელთან და დამხვრიტეს. აი, ასე დასრულდა ჩემი პირველი შეხება კინოსთან.”

გოგიჩა ძალიან ახალგაზრდა სიმსივნით გარდაიცვალა. ასეთი მძიმე დაავადების დადგენის მიუხედავად, მას იუმორი არც უმძიმეს წუთებში დაუკარგავს და ოჯახის წევრებსაც მაქსიმალურად ამხნევებდა:

“როცა დამიდგინეს ეს დაავადება, წავედით სამკურნალოდ. ქიმიები დამჭირდა. პირველად რომ გამიკეთეს, დადგნენ გარშემო ექიმები და მითხრეს, 9 წუთში გვითხარი როგორ იქნებიო. გავიდა დრო და ვუთხარი, კარგად ვარ-მეთქი. ცუდად კი გავხდი, მაგრამ რომ მეთქვა, ვაიმე, ცუდად ვარ, ეს რა საშინელებაა-მეთქი, უფრო ცუდად ვიქნებოდი.”

გოგიჩა ამქვეყნიდან გულნატკენი წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უყვარდა წუწუნი და თავის პრობლემებსა თუ გულისტკივილზე საუბარი, ყველასთვის ცნობილია, რომ ის ტელევიზიიდან გაუშვეს და ამით ყველაზე ალალ ადამიანს საშინელი ტკივილი მიაყენეს.

ეს კი გოგიჩასგან დატოვებული სიმღერაა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მათი შვილებისთვის და ასე უსასრულოდ…