22 აპრილი, 2020

გელა ფარჩუკიძის კაპელას უმაგრესი შესრულება

გელა ფარჩუკიძის კაპელას უმაგრესი შესრულებამაესტრო გელა ფარჩუკიძეს მუსიკალურ წრეში დიდი ხანია იცნობენ, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი თავის 80 მოსწავლესთან ერთად “ნიჭიერში” გამოჩნდა, ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გელა ფარჩუკიძემ და მისმა “შვილებმა” – თბილისის ბავშვთა კაპელის წევრებმა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი შემოგვთავაზეს:

“ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო. აღდგომის მადლით გადარჩენილიყოს საქართველო და მსოფლიო!

მინდა ყველა ჩემს მეგობარს და კაპელის ყველა გულშემატკივარს მოგიძღვნათ ჩვენი – “დარჩი სახლში”-ს საჩუქარი. ეს კი გახლავთ, არც მეტი და არც ნაკლები, გენიალური ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მარად უკვდავი მუსიკა – მე-9 სიმფონიის გუნდი “ოდა სიხარულს” ასევე გენიალური შილერის ტექსტზე.

მანამდე კი მინდა მოგიყვეთ პატარა პრეისტორია ამ გენიალური მუსიკის შესწავლის “აუცილებლობიდან”:

17 მარტს, სტრასბურგში უნდა გამართულიყო მსოფლიო დონის ფორუმი, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებდა საქართველო. ამ ღონისძიებაზე სამთავრობო ჯგუფთან ერთად მიდიოდა ჩვენი კაპელაც და რადგან ევროკავშირის ჰიმნი გახლავთ ზემოთხსენებული მუსიკა, ჩვენც ქართულ რეპერტუართან ერთად მოვამზადეთ ეს შედევრიც.
სამწუხაროდ, ყველასთვის ცნობლი მიზეზის გამო, ეს ღონისძიება ვერ ჩატარდა…. და “ჩავრჩით სახლში”…

მერე რა ხდება – ამ სამი კვირის წინ ამერიკიდან მირეკავს ჩემი მეგობარი (ცნობილი მომღერალი, ავტორ-შემსრულებელი გოგიტა გოგიძე – ავტორი პოპულარული სიმღერებისა – “არ წახვიდე – როგორ ხაარ?”, “ღამე მე და შენ” და ა.შ.) და მჩუქნის საკმაოდ უცნაურ და ძვირფას საჩუქარს – ჩემმა აქაურმა მეგობარმა უამრავი საოპერო და კლასიკური მუსიკის ფონოგრამა და კარაოკე მომიტანაო (სხვათა შორის, გოგიტას აქვს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ფონოტეკა) და მათ შორის არის ბეთჰოვენის IX სიმფონიის გუნდის საორკესტრო ვერსია – გუნდის გარეშეო!

აბა, ამდენი კვირის მუსიკალურად “დამშეულს”, მე კიდევ „გადარევა“ მინდოდა და გამგელებული „დავერიე“ საქართველოში მიმოფანტულ „შვილებს“. ვიდეო გაკვეთილებით გავახსენე ყველას თავის პარტია, დავურიგე მუსიკალური „შპარგალკები“ და „ვუბრძანე“ 2 დღეში ტელეფონით გადაეღოთ თავისი ნამღერი და გამოეგზავნათ… და თან წამომცდა, 2–3 ვერსია გააკეთეთ რომ ავარჩიო-თქო. 70–80 ვიდეო გამრავლებული 3-ზე უდრის უამრავ ისტერიკას და კივილს…

აბა, უნდა გენახათ კომედია – კადრები იყო „იმიდედავატირერააა” – სამზარეულოში ტაფის და ტახტზე მძინარე პაპის კადრში მოხვედრიდან დაწყებული, მდელოებზე ცხენებით, ქათმებითა და ტყეში ჩიტების ხმაურში გადაღებული კადრებით დამთავრებული (გენაცვალათ „მამიკო“). ბარემ აქვე მოვეფერები ჩემს ხულიგნებს, რომ გმირულად გაუძლეს „მამიკოს“ „ტკბილ და თბილ“ შენიშვნებს მთელი 2 კვირა…

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ბრწყინვალე ადამიანებსა და შესანიშნავ პროფესიონალებს – ბატონებს: გელა იმნაძეს (ვიდეო–აუდიო მასალის შეკრება–გასუფთავებისთვის, რომელიც 2 ვაჟკაცის მამაა კაპელიდან) და „უჯიგრეს“ ბ–ნ პაატა კახაძეს (და მის კომპიუტერს რომ არ „მოკვდა“) ამ ცუდი ხარისხის მასალის (ზოგი უპრიმიტიულესი ტელეფონითაა გადაღებული და ზოგიც უახლესი სმარტფონით) ვიდეორგოლის კონდეციამდე მიყვანისთვის. და კიდევ ერთხელ მადლობა ბ–ნ გოგიტა გოგიძეს სიკეთით მუდამ გვერდზე დგომისთვის…

P.S. გამოცდილი თვალი მიხვდება, რომ აქ არანაირი პროფესიონალური ტექნიკა (მიკროფონი, სტუდია, მიქშერი და ა.შ.) საერთოდ არ არის (ვერ არის) გამოყენებული. გადაღებულია და ჩაწერილია მხოლოდ მობილური (ისაც ზოგი უპრიმიტიულესი და ზოგიც სუპერ სმარტფონი) ტელეფონებით…

ასე რომ – ინებეთ ჩვენი „სახლშიდარჩენილი“ მუსიკალური საჩუქარი და ისიამოვნეთ ბავშვების ხელოვნებით.

მადლობა უფალს ყველაფრისთვის…

ქრისტე აღდგა!”