განსაკუთრებული 7 აპრილი ოთარ ჭილაძისთვის

განსაკუთრებული 7 აპრილი ოთარ ჭილაძისთვისმწერლის ოთარ ჭილაძისთვის 7 აპრილი რომ განსაკუთრებულია, მისი ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს:

“7 აპრილი. ისევ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით. ისევ დაიძაბა ქალაქში (ქვეყანაში) მდგომარეობა. ცირკთან ჯავშნიანი მანქანები დგანან…

ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, რომელთანაც ვერეფერს გავაწყობთ, ჩვენივე უთავობაა!!!

… მაგრამ მე მაინც ჩემს უთავო ხალხთან ერთად დავიღუპები!!!

სხვა გზა არ არსებობს და ესეც თავისებური ბედნიერებაა!!!

… 4 აპრილს დაიწყო ახალი გამოსვლები – გრძელდება შიმშილობა და გაფიცვა!!!

***

8 აპრილი. დღეს ტანკი შევარდა რუსთაველის პროსპექტზე – ახალგაზრდები დაუწვნენ წინ!..

…ხვალ უარესია მოსალოდნელი!

პლაკატები: “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ‘გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ საქართველოს”, “საბჭოთა კავშირი – ხალხთა საპყრობილეა”, “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”, “ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან”.

რუსთაველზე ტანკის “გასეირნების” შემდეგ, ვიღაც გოგოსა და ბიჭს, მკაცრად მოღუშულებს, ასეთი პლაკატი მოჰქონდათ: “არ შეგეშინდეთ ამ ტილიანების”.
საკუთარი პლაკატით მოვიდნენ ფერეიდნელი ქართველები.

***

9 აპრილი. დილის 4 საათზე ჯარის სპეციალურმა ქვედანაყოფებმა ნიჩბებითა და კეტებით დაარბიეს გაფიცულები – უფრო სწორედ, ამოხოცეს, განურჩევლად, გაუფრთხილებლად, სრულ სიბნელეში – მათთვის სულ ერთი იყო თერთმეტი წლის ბიჭიცა და ოთხი თვის ფეხმძიმე ქალიც!

მოხდა რაც უნდა მომხდარიყო!

(…) კიდევ ერთი უბედურება დაგვატეხა თავს!!!

***

9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ ორი სატვირთო მანქანა ფეხსაცმელი მოაგროვეს…

***

დღეს იწყება ჩემი დეპუტატობა და შეიძლება დღესვე დამთავრდეს, თუკი ჩვენს შეკრებაზე, პირველ რიგში, არ დაისმება საკითხი ამა წლის 9 აპრილს თბილისში ჩატარებული სამარცხვინო “სამხედრო ოპრაციის” მოთავეთა ვინაობის გამოაშკარავების შესახებ.

თბილისის ტრაგედია ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენაა – თუკი შესაძლებელია და დასაშვებია მსგავსი დანაშაულის ჩადენა ჩვენს სინამდვილეში.

არავინ არ არის გარანტირებული, ხვალაც რომ ჩვეულებრივად გაიღვიძებს, ხვალაც რომ ჩვეულებრივად გააგრძელებს თავის ყოველდღიურ საქმიანობას. მთელი კაცობრიობა საფრთხეშია, ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან…

***
თავისუფლება სრულებითაც არ ნიშნავს შენს ნებაზე ცხოვრებას – პირიქით, თავისუფალ კაცს მეტი თავშეკავება მოეთხოვება, ვიდრე მონას – ძალიან არ მინდა, რომ მონა ვიყო.”