ეთერ ჭყონიას მადლობა კორონავირუსს

ეთერ ჭყონიას მადლობა კორონავირუსსოპერის მომღერალი ეთერ ჭყონია საჯაროდ უხდის მადლობას მსოფლიოში მოდებულ ახალ კორონავირუსს, რომელმაც ზოგიერთი „ახლობლის“ ნამდვილი სახე დაანახა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელოვანი ბრძნული იგავს გვიზიარებს:

“ამ ჩამოთრეული ვირუსის პერიოდში საიდანღაციდან სოლომონის ბეჭდის თემა ამოტივტივდა და მიტრიალებს. ასევე გენიალური ქართული ანდაზა „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. ხოლო მსგავსი ებრაული იგავი ეს არის:
მოხუცი ებრაელი ბრძენ რავინს :

– ცოლი მძიმედ ავად მყავს, ფული დამიმთავრდა. ჩემი ვაჟი ცუდ გზას დაადგა. რა ვქნა?! აღარ მაქვს ძალა ასეთი ცხოვრებისთვის…

რავინმა იფიქრა, და ფურცელზე დაუწერა: „ასე არ იქნება მუდამ“.

– აიღე ეს ფურცელი, ძვირფასო, და ჩამოკიდე საწოლთან.

გადის დრო და მოხუცი გაბრწყინრბული მორბის რავინთან:

– სასწაული ხართ! გახსოვთ ჩემი ცოლი ავად რომ იყო? იგი გამოჯანმრთელდა!!! მე გავმდიდრდი, ჩემი შვილი ბედნიერია! მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს – რითი გადაგიხადოთ ამხელა სიკეთე?

რავინი დაფიქრდა, ფურცელზე რაღაც დაწერა და თქვა:

– მე არაფერი მინდა, ეს სახლში წაიკითხეთ.

როდესაც მოხუცმა წერილი გახსნა, იქ ისევ იგივე ეწერა:

“ასე არ იქნება მუდამ…”

ეს ალბათ ერთადერთი სამართალია, რომელიც დედამიწაზე არსებობს. კერძოდ, ის, რომ ყველაფერი ცვალებადია. ასევე ისიც, რომ მდიდარიც და ღარიბიც ერთნაირად კვდება.

ამ კორონავირუსის დროს ბევრმა „არაჩვეულებრივად“ გამოავლინა თავი. კარგად გამოაჩინა, რომ ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში თავის ნამდვილ ცხოველურ ბუნებას ავლენს. მადლობა ვირუსს, რომ ზოგიერთი „ახლობლის“ ნამდვილი სახე დამანახა. წლების წინ ღორის და ქათმის გრიპმა თითქმის მშვიდად ჩაიარა. ამავე დროს ბევრი ხალხი წაიყოლია, განსაკუთრებით მოხუცები. მაგრამ ასეთი პანიკა არ ყოფილა, ვინაიდან ამდენი სოც. ქსელებიც არ არსებობდა და ამდენი ინფორმაციის მუსირების საშუალებები. ახლა ამ წყაროებმა უამრავი დეზინფორმაციაც გააჩინა. უკვე დაიჭირეს და ასამართლებენ ფეიკების გამვრცელებლებს, რომლებიც ვიღაცის შეკვეთით გარდაცვლილების გაზვიადებულ, ყალბ ციფრებს ავრცელებენ. ასევე „ბიზნესმენები“, რომლებმაც ყველა პირბადეები შეისყიდეს, რომ შემდეგ სამმაგ ფასში გაეყიდათ. ოჯახებში ფსიქოლოგიური კრიზისის გამო ცოლ-ქმრის გაყრამ რადიკალურად იმატა. ასევე იმატა შეშინებული გაუნათლებელი ნათესავების ერთმანეთში ჩხუბმა და ათასნაირი სიტყვებით ლანძღვამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა, უფრო ჭკვიანმა, შექმნილ მდგომარეობაზე უფრო მეტი იცის, ან საკუთარ, განსხვავებულ აზრს ახმოვანებს და პანიკას არ ყვება.

ვაი თქვენს პატრონს! ასე როგორ გიყვართ ეს უბედური ცხოვრება, ან საკუთარი თავი, რომ იმ მცირეოდენ ჭეშმარიტ ახლობელს ან მეგობარს, რომელიც გყავთ, სამუდამოდ ხელს კრავთ, დროებითი შიშის, რაღაც ამბიციების, „სწორი“ და „არასწორი“ აზრების გამო? ან სულ ცოტა მეოცე საუკუნის ისტორია მაინც არ იცით? ამდენი შემზარავი მოვლენების, ბოროტების, ან ომების დროს იმდროინდელ ჩვენს წინაპარს ნებისმიერი ვირუსი ან სავადმყოფო მოენატრებოდა. რა შეგეშინდათ ასეთი! ყველანი, ადრე თუ გვიან, „იქ“ მოვხვდებით. მთავარია სანამ ეს დრო მოვა, ადამიანად დარჩე! როგორც ესპანეთში ამბობენ, ისედაც „ორდღიანია ეს ცხოვრება!”