24 აპრილი, 2020

დავით კლდიაშვილის და რეზო ჭეიშვილის მისტიკა

დავით კლდიაშვილის და რეზო ჭეიშვილის მისტიკაიმერეთის საამაყო მწერლების დავით კლდიაშვილის და რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაში 24 აპრილს და 11 სექტემბერს მისტიური დატვირთვა აქვს.

24 აპრილს დაიბადა რეზო ჭეიშვილი და 24 აპრილს გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი, ხოლო 11 სექტემბერს გარდაიცვალა რეზო ჭეიშვილი და 11 სექტემბერს დაიბადა დავით კლდიაშვილი.

რეზო ჭეიშვილი ხშირად ახსენებდა დავით კლდიაშვილს და დაბადების თარიღსაც კი უსვამდა ხაზს. ხუმრობით ეკითხებოდნენ კიდეც, დავით კლდიაშვილი ხომ არ ხარო და მხოლოდ ღიმილით პასუხობდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდს რეზო ჭეიშვილის რომანიდან „ქარების დაბრუნება“:

„მიცვალებულთა ლანდების საუფლოში გრიალებს ქარი და ირყევა ზედა სართულის ყველა კარი და ფანჯარა. საკვამურიდან გაქარული, გამჭვარტლული ჭინკები მოძვრებიან, სულს ვუბერავ მძლავრად და მივდენი მაგენს; გარბიან ფხაჭაფხუჭით, ჭყავილით… მაგნოლია ირყევა თეთრ ოდასთან მთვარიანში, ხეთა ჩრდილების ჰამაკში; დგას პრეისტორია, – მაგნოლია –ურჩად: სუნთქავს, ჭრიალებს, ოხრავს მაგნოლია მწუხარებისა, აფრქვევს თავისამატკივარ სურნელებას და დგას.
ღამეები თეთრდებიან ქარით, ქარში, მთვარეში; ჭინკების ქვითინში მთვარე ირეკლავს მაგნოლიას და დგას მაგნოლია ჩრდილად მთვარეზე, ჩვენი მაგნოლია!
და დგას ქარი ჩვენი შვებისა და წუხილისა.

ჩადგება ქარი და გავთავისუფლდებით მტანჯველი ფორიაქისაგან;
არაფრიდან არაფერში გადასვლის ცრუ ტკივილები და ხელახალი შეხვედრების მოლოდინი გაგვტანჯავს…
ქარები მოვიდნენ, ქარები ჰქრიან, სული მაინც წუხს.
ქარები დაბრუნდნენ, რუსა!“

ცისფერყანწელმა პოეტმა პაოლო იაშვილმა კი დავით კლდიაშვილს ულამაზესი ლექსი უძღვნა:

“შენში გაცოცხლდა იმერეთი თავის მაჭრებით,
მე ვუცქერ ბოსტნებს, ვიწრო შარებს, შეშის ბოგირებს,
აგერ ირინე მეწვრილმანეს აცდენს ვაჭრობით,
მღვდელი ზომისე დამშეულ ჯორს მოაბოგინებს.

თავლა და კალო, გალესილი ჩქარი ნამგალი,
ღობეში ღორი უღლიანი ღრიალებს მწარედ,
და სოლომანი, გაცრეცილი მხნე მაჭანკალი,
ჭიშკართან ყვირის: “მაინძელო, გამოდი გარეთ!”