17 აპრილი, 2020

დავით გურამიშვილის “ტირილი ღვთისმშობლისა”

დავით გურამიშვილის "ტირილი ღვთისმშობლისა"“მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით! შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყალენით,” – წერდა პოეტი დავით გურამიშვილი თავის საოცარ ლექსში “ტირილი ღვთისმშობლისა”:

“მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით!
შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყალენით,
ისმინეთ მისი ტირილი, თქვენც ცრემლნი გარდმოყარენით,
სულს ეცით მისგან ნუგეში, გულს ჭირნი უკუყარენით.

ოდეს იხილა მშობელმან ძე თვისი, ღვთისა ცხებული,
ეკლის გვირგვინით მოსილი, შიშველი, გაკიცხებული,
ჯვარზედა ხელ-ფეხ მიკრული, გვერდსა ლახვარიც ხებული,
ათრთოლდა, ზარით დაეცა, გახდა ვით დამარცხებული.

მოედვა მწარედ სახმილი, შეიქნა დადაგულობით;
დაეწო გული და ღვიძლი, ნაწლევნი გათანგულობით.
თქვა: დამეკარგა საწუთრო ჭირნახულ დაკარგულობით,
დამიჭკნა გულის ყვავილი, გავხდი ვით გალი რგულობით.

იცემდა მკერდსა და გულსა, იტყებდა, ესრეთ ტიროდა:
ვით შტოზედ მორჩო ახალო, ფესვ-არსოანო ძირო და!
ვირემ შენს ჩრდილთა ქვეშ ვიჯექ, მე თავი არ მემწიროდა,
ახლაც გვედრივარ, უშენოდ არ შემქმნა, არ გამწირო და.

ვაიმე თვალთა ნათელო, სხიო მის მზეთა მზისაო!
სახით ვით ნორჩო, ნაყოფით ძირ-კეთილ, შრტოვ ვაზისაო.
გამარკვეველო, განმწმენდო, მნათობო ბნელის გზისაო,
შენ იყავ ჩემი გამღები სამოთხის კართ რაზისაო.

რა ესმა დედის ტირილი ძეს მიკრულს ჯვარსა ზედაო,
შეამუღაბნა მშობელი და მისკენ მოიხედაო.
გამოეძრახა, უბრძანა: ეჰა, ნუ მტირი დედაო!
მე წარვალ, შენ ჩემ სანაცვლოდ იონე გყვანდეს ძედაო.

და გაიგონა დედამა ხმა ტკბილი თავის ძისაო,
მოხსენდა მის ძის ხელთ-ჭერა, ძუძუთ წოება სძისაო,
მსხვერპლად ისაკის სანაცვლოდ მოვლენა ცით ვერძისაო,
მით მისმან კერძმან ლახვარმან ჭრა უფრო მიჰკერძისაო.

გამწოებული იტყოდა ღაწვთა სისხლითა მღებარე;
არ ვიყავ მამაკაცისა მხურვალებისა მხებარე;
ვით გულს უთესლოდ უცხო ხე ებას ნაყოფი მღებარე,
ეგრეთ შენ მე ბნელს, ნათელო, აწ ვით მიშრტები მთნებარე.

ძეო, შენს თავსა მნატრიდენ ყოველთა ძეთა დედები;
ბედნიერობას მიქებდენ, მოსწონდათ ჩემი ბედები.
აწ ჩემის ბრალით იწვიან დღეს შენი შემომხედები,
ხელ-ფეხთ დაგრჭმია ლურსმანი, ლახვრით დაგჭრია გვერდები!

ვაიმე, ლახვარ-სობილსა და გულსა დანა-ვლებულსა,
შენი წყლურების ცეცხლითა დაგულსა, დანავლებულსა,
შენს უკან წუთის სოფლითგან გულ-კვნესით ხან-წარებულსა!
ძეო, მეტკბობის სიკვდილი სიცოცხლე გამწარებულსა.

ძეო, შენს უწინ გენუკვი ჩემს სულის ამორთმევასა!
გემუდარები, ნუ მიზამ შენ მე ამაზედ თნევასა;
მომკალ, წინაწინ წავიდე, შენი ვახარო ევასა;
იესო მოვა, დაგიხსნის, მორჩები პირველს წყევასა!”

სოფელს უხარის, მიიღებს აწ განთავისუფლებასა;
ჩემნი იწვიან ნაწლევნი, ვხედავ შენს ჯვარზედ ვნებასა,
რომელსა ყოველთათვისა დაითმენ, იქ მათს ნებასა.
შენ, ძეო და ღმერთო ჩემო, უფალო, გძღვნი დიდებასა!

ჯვარით გარდმოხსნეს, წარგრაგნეს არმენაკითა წმინდითა;
დამარხეს, კარი საფლავთა დახურეს ქვითა დიდითა;
დაბეჭდეს, მხედართ უბრძანეს: საფლავს სამ დღემდის სცვიდითა.
მკვდარი არავინ მოგპაროსთ, მას დიდად გაუფრთხილდითა!”