30 აპრილი, 2020

ჩოხელების გვარის საიდუმლო თავმას ჩოხელისგან

ჩოხელების გვარის საიდუმლო თავმას ჩოხელისგანდეკანოზი თავმას ჩოხელი მათი გვარის – ჩოხელების საიდუმლოზე გვიამბობს:

“სოფელი ჩოხი გუდამაყრის ხეობაში, წმინდა მთაზეა შეფენილი აქ ჩოხის წმინდა გიორგის ლოცულობენ ჩოხელები, რომელთა გვარიც ერთ-ერთ დიდ საპატივცემულო გვარად ითვლება მთის გვარებს შორის, ეს იმიტომ, რომ მათი სალოცავი, გადმოცემის მიხედვით, წმინდა გიორგის ენაა და, რაკი სახარებაში ვკითხულობ, რომ ,,დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” და რადგან სიტყვა ენით გამოითქმება, ამიტომ მთის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ჩოხის წმინდა გიორგის, რომლის ენის სალოცავად და სადიდებლად აქ დაარსებულა.

არა მარტო ჩოხელების გვარსა აქვს ჩოხის წმინდა გიორგის შიში და რიდი, სხვა გვარებიდანაც უამრავი მლოცველი მოდის დღესასწაულების დროს ღამის გასათევად და შესთხოვენ წმინდა გიორგის, რომ თავისი წმინდა ენით დალოცოს მათი ოჯახი და მათი მოდგმა. ისინი ერიდებიან ჩოხელების გვარის წარმომადგენლის წყენინებას, რადგან თვლიან, რომ წმინდა გიორგი ჩოხელის ენით ნათქვამ ლოცვას ასრულებს და წყევლასაც, ამიტომ დაუწესებიათ ამ მხარეში ჩოხელისათვის სუფრის უწვევარი და ქალი უთხოვარი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩოხელს, რომელიც ჩოხის წმინდა გიორგის ყმად (ყმა ამ შემთხვევაში ყმასაც ნიშნავს და შვილსაც, რომელსაც მფარველობს წმინდა გიორგი) ითვლება, შეეძლო ყველა სუფრაზე მიწვევის, დაპატიჟების გარეშე მისვლა და, თუ ქალი მოეწონებოდა, მის სათხოვნელად მისულს უკან უარით ვერ გამოისტუმრებდნენ, რადგან შიში ჰქონდათ, რომ ეს უარი ნიშნავდა ჩოხის წმინდა გიორგისათვის უარის თქმას და ქალიშვილს ბედი შეეკრებოდა და სხვაზე ვეღარ გაათხოვებდნენ. ასეთი ქალიშვილების ცოლად შერთვას სხვა გვარის წარმომადგენელი ვაჟებიც ერიდებოდნენ წმინდა გიორგის ენის შიშით…”