ბზობა – რაშია დღესასწაულის ყველაზე დიდი მადლი?

ბზობა - რაშია დღესასწაულის ყველაზე დიდი მადლი?ბზობა – ერთ-ერთია იმ 12 საუფლო დღესასწაულს შორის, რომელსაც ქრისტიანები განსაკუთრებული სიხარულით ეგებებიან. ამ დღეს იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლა აღინიშნება.

პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი ამ დღესასწაულს კარლო კაჭარავას ნახატით გვილოცავს:

“ბზობას გილოცავთ!

ამ დღესასწაულის ყველაზე დიდი მადლი ის არის, რომ ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანების ყველაზე წმინდა და წრფელი გრძნობების უეცარი გამოხატულება იყო.

ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არცერთი მეფისა და კეისრისათვის არ მოუწყვიათ.
საგულისხმოა, რომ მაშინ, როცა მთელი ხალხი ადიდებდა და ისე ხვდებოდა უფალს, იესო ქრისტე, ნაცვლად იმისა, რომ სიხარული დაუფლებოდა, ტიროდა. იგი ტიროდა იმიტომ, რომ იცოდა ადამიანის ბუნება, იცოდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც მას ზეიმით ხვდებოდა, სულ სამი-ოთხი დღის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა.

უფალი ამჩნევს არა მარტო იმას, რაც მის თვალწინ ხდება, არამედ იმასაც, რაც მის წინააღმდეგ მზადდება.

კარიბჭე, რომლიდანაც იესო იერუსალიმში შევიდა დღეს ამოქოლილია და როგორც წმიდა მამები ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება.

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!

გილოცავთ!

ყველა სიკეთე…”