18 აპრილი, 2020

ბუბა კუდავა: “ასე გადავარჩინეთ ანჩის ხატი”

ბუბა კუდავა: "ასე გადავარჩინეთ ანჩის ხატი"ალბათ ბევრმა არ იცის როგორ გადარჩა ანჩის ხატი – ქართული კულტურის საგანძური და მასთან ერთად უამრავი ფასდაუდებელი რელიქვია და სიწმინდე.

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ძალიან საინტერესო ამბავს მოგვითხრობს:

“ჩემს ტაო-კლარჯულ არქივში ფოტოებს ვარჩევდი და ძალაუნებურად ძველი ამბები და ახალი დისკუსიები წამოიშალა.

დღეს ჩვენი საზოგადოების ნაწილს ვერ წარმოუდგენია მრევლის გარეშე ერთი წირვის ჩატარებაც კი. ეკლესიების დროებით, რამდენიმე კვირით დაკეტვა (რომლის საჭიროება დღეს არ დგას) ხომ წარმოუდგენელ, ენითაუწერელ მკრეხელობად მიუჩნევია.

ეხ, ჩემო ძვირფასებო, როცა მტერი კარს მოგვადგებოდა, როცა სხვა გზა აღარ იყო, ეკლესიას ვკეტავდით კი არა, უმდიდრესი ტრადიციების მონასტრებსაც კი ვცლიდით და ვტოვებდით. დიახ, ვტოვებდით ხოლმე ღვთის ანაბარა და როგორც გაირკვა, ხშირად ძალიან, ძალიან დიდი ხნით. მოგვქონდა რაც შეგვეძლო – ხატები, ჯვრები, ხელნაწერები, წმინდა რელიქვიები, საეკლესიო ინვენტარი… ეკლესიებსა და უზარმაზარ მონასტრებს კი ვტოვებდით. ჯვარ-ხატებს ვხიზნავდით, ჩვენც ვიხიზნებოდით და იქ ვლოცულობდით, სადაც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო იყო.

ასე გადავარჩინეთ მაგალითად ანჩის ხატი, ზურგზე მოკიდებული ჩამოვაბრძანეთ კლარჯეთის საეპისკოპოსო ცენტრიდან ტფილისში. ასე გადარჩა ადიშის სახარება (რომელსაც ჩემი უშუალო წინაპრებიც იცავდნენ სვანეთში და დიდად მეამაყება) და ასე გადაგვირჩა ბევრი სხვა სიწმინდე.

წარმოგიდგენიათ იმ ბერის განცდები, რომელმაც ბოლომ დატოვა მაგალითად, ხანცთა? ოპიზა? შატბერდი? ანჩა? ოშკი, ხახული, იშხანი, ბანა, პარხალი, ოთხთა ეკლესია, ტბეთი, წყაროსთავი?…

მრევლის გარეშე და წირვის გარეშე კი არა, სახურავგარეშეა აგერ რამდენიმე საუკუნე ჩვენი ეკლესიები საზღვარგარეთ (და ჩვენშიაც). ზოგი დროებით დაკეტილი კი არა, საფუძვლამდეა დანგრეული.

სამაგიეროდ, გადავრჩით, ქვეყანაც გადარჩა, ეკლესიაც გადარჩა, რწმენაც შევინახეთ და მილიონობით დავაბიჯებთ კიდეც მათი შთამომავლები, ვინც ბრძოლაც იცოდა, შრომაც იცოდა და საცა არ სჯობდა, გაცლაც იცოდა.
დღეს?

დღეს კვლავ მტერია მომდგარი და წინაპართაგან განსხვავებით, გაცილებით, გაცილებით იოლი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები: რწმენასა და ტაძარს აღარავინ გვეცილება და სულ რამდენიმე კვირით უნდა დავრჩეთ სახლებში.

წარმოგიდგენიათ? სულ ეს არის.

ჯანმრთელობა და ბედნიერი აღდგომა თქვენს ოჯახებს!”