ალექსანდრე ლორთქიფანიძე: “ქრისტესგან ისე შორს ხართ…”

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: "ქრისტესგან ისე შორს ხართ..."“წიგნების თაროს” წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე მიმართავს ყველა იმ სასულიერო პირს, ვისთვისაც მთავარი მხოლოდ ძალაუფლება და ფულია და არა ერის სულიერებაზე ზრუნვა:

“ბოროტები, ამპარტავნები და ხარბები ხართ თქვენ! სხვა ახსნა არ არსებობს. ქრისტესგან ისე შორს ხართ, როგორც ქრისტე იყო შორს ზემოთ ხსენებული ცოდვებისგან.

ერზე არავითარი სულიერი ზრუნვა თქვენი საფიქრალი არაა, მხოლოდ ძალაუფლება და ფულია თქვენი საფიქრალი. გავლენის შენარჩუნება გაღელვებთ და პიედესტალზე დგომის პრივილეგია.

ადამიანები არ გაღელვებთ თქვენ, არც მათი ხორცი, არც მათი სული. დიდი მსხვერპლის შემთხვევაში კი მაქსიმუმ იმან აგაფორიაქოთ, რომ თქვენთვის მდიდრული საჩუქრების შემომწირველთა რაოდენობა დაიკლებს. უცნობია თქვენთვის მიტევებაც და გულმოწყალებაც, ძმის სიყვარულიც და სათნოებაც.

თქვენ შავ-ბნელ ზრახვებში კი ერთადერთი მიზანია: მეფობა. არა გლახაკობა და ქრისტესთვის დათმენა, არა სიკეთე და პატიოსნება. არა. მეფობა ამ ხორციელ სამყაროში, რადგან მიღმიერი სამყაროსა თავად არ გწამთ. იმიტომაც აღმერთებთ ოქროსა და ფუფუნებას, იმიტომაც გაქვთ ხოლმე მკაცრი იერი და მრისხანე ტონი, თქვენ ქრისტიანი ადამიანის ანტიპოდები ხართ, თქვენი შავი ანაფორები კი ქრისტეს თეთრი კვართის ნეგატივია.

გეშინოდეთ იმისა, რასაც ქადაგებთ. გეშინოდეთ იმ წიგნის, რომლიდანაც ქადაგებთ, რადგან სწორედ მაგ, წმინდა წიგნშია თქვენზე ყველაფერი ნათქვამი, თქვენს აღსასრულზეც და სასჯელზეც. მანდვეა თქვენი აპოკალიფსი, რომლისაც არ გწამთ.”