29 აპრილი, 2020

აკაკი ხორავას დაუვიწყარი ისტორია სანდრო ახმეტელზე

აკაკი ხორავას დაუვიწყარი ისტორია სანდრო ახმეტელზემსახიობი აკაკი ხორავა და რეჟისორი სანდრო ახმეტელი უახლოესი მეგობრები იყვნენ. მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. მეტიც – ახმეტელი ხორავას მეჯვარე იყო. ამიტომ ჭირში თუ ლხინში ერთმანეთს გვერდში ედგნენ.

აკაკი ხორავა ახმეტელთან დაკავშირებით არაერთ ისტორიას იხსენებდა:

“ანზორის” რეპეტიცია გვქონდა. მეუღლე მყავდა ცუდად და წამალი ვერ ვიშოვნე. ცუდ ხასიათზე ვიყავი. ახმეტელმა შეამჩნია ჩემი განწყობა და მკითხა:
– რა მოგივიდა აკაკი?
ვუამბე, რაც მიჭირდა.
– დამელოდეთ, წამალს მთავრობაში ვიშოვნიო, – თქვა ახმეტელმა და დარბაზიდან გავიდა.
ის თითქმის ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა და წამალი მოიტანა. ჩვენ კი იმავე პოზაში ვიდექით მთელი საათი გაუნძრევლად, როგორც საშამ დავგვტოვა.”

ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, ხორავას და ახმეტელს ურთიერთობა მაინც დაეძაბათ.
ბაქოში გასტროლის დროს აკაკი ხორავამ სომეხ მეგობართან ერთად რამდენიმე ჭიქა კონიაკი დალია. მისი პარტნიორი სპექტაკლში “ლამარა” ახმეტელის მეუღლე მსახიობი თამარ წულუკიძე იყო. მან სცენაზე ალკოჰოლის სუნი იგრძნო და მეუღლეს უთხრა.

ამის გამო ახმეტელმა ხორავა დასიდან გაუშვა, მაგრამ ნახევარ წელიწადში უკან დაბრუნებას დაპირდა. ეს შემთხვევა ახმეტელის წინააღმდეგ გამოიყენეს და რეჟისორი თეატრიდან დაითხოვეს.

აკაკი ხორავა თეატრში კი დაბრუნდა, მაგრამ მსახიობი ახმეტელის თეატრიდან გაგდებაში დაადანაშაულეს. ბრალდებები კიდევ უფრო გამძაფრდა სანდრო ახმეტელის დახვრეტის შემდეგ. აკაკი ხორავა ამას მთელი ცხოვრება ძალიან განიცდიდა.

სიცოცხლის ბოლო თვეებში ბუმბერაზ მსახიობს მარტოობა აწუხებდა:

“მარტოობა მკლავს! სულ ქალებია ჩემს ირგვლივ!” – ამბობდა იგი.

როგორც ჩანს, სიბერეში სულიერ მარტოობას ყველაზე მეტად ისინი განიცდიან, რომლებიც ადრე დიდი ყურადღებით იყვნენ განებივრებულნი, მათ ენატრებათ ურთიერთობები ადამიანებთან და სულიერადაც იტანჯებიან.

აკაკი ხორავა მძიმე სენს 8 წელი ებრძოდა. ის 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.