14 მარტი, 2020

უოლსტერის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოთხთავი

უოლსტერის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოთხთავიამერიკაში, ბალტიმორში, უოლსტერის ხელოვნების მუზეუმში დაცულია XVII საუკუნის ოთხთავი, რომლის გადამწერიც პაპუნა მწერალია.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“ბალტიმორში, უოლსტერის ხელოვნების მუზეუმში დაცულია ხელნაწერი შიფრით Ms. W. 549. ეს არის XVII საუკუნის ოთხთავი. გადამწერია პაპუნა მწერალი.

შემკულია მახარებელთა მინიატურებით: ტყავის ყდა შედარებით გვიანდელი, XVIII-XIX საუკუნისაა, რაზეც მიუთითებს მისი მოოქრული ტვიფრული შიდამხარე. ყდის გარდა, ხელნაწერს ახლავს აღმოსავლურ სტილში გაფორმებული ოქროსა და მინანქარში შესრულებული ლუსკუმა.

საყურადღებოა მისი მხატვრული გაფორმება – ზედა ფრთაზე გამოსახულია ჯვარცმა, ქვედა ფრთაზე – ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა. ლუსკუმა დაკვეთილი და შესრულებულია სპარსეთში. შესაბამისად, ეს ქრისტიანული სიუჟეტები შესრულებულია აღმოსავლურ-სპარსულ სტილში.

ლუსკუმას გასდევს ორ რიგად სევადით შესრულებული მხედრული თარიღიანი (1702 წ.) წარწერა: „ქ: ნებითა და შეწევნითა მღრთისათა, ჩვენ, ფრიად ცოდვილმან, დიდისა და ზეშთა აღმატებულისა ქართლისა მეფეთ-მეფისა, სრულიად ერანისა სპასალარისა, ყანდარის და ქირმანისა ბეგლარ-ბეგისა გიორგი, ცოთვილისა პ(ა)ტ(რ)ონისა [მსახურმან]| მონამან მდივანმა კვინიხიძემა გიორგიმ მ(ო)ვაჭედინეთ პატიოსანი სახარება ეს სულთა და ხორცთა საოხად ამინ. ქ(ორონი)კ(ონ)ს(ა) ტჟ“ (1702)“.

როგორც მინაწერიდან ირკვევა, ხელნაწერი ქართლის მეფე გიორგი XI-ის (ქართლის მეფე 1676-1688,1703-1709) მდივანს გიორგი კვინიხიძეს მოუჭედინებია.

(უფრო დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნში “ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ”. შეადგინეს: მაია კარანაძე, ვლადიმერ კეკელიამ, ლელა შათირიშვილმა და ნესტან ჩხიკვაძემ. თბილისი. 2018).”

უოლსტერის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოთხთავი

უოლსტერის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოთხთავი

უოლსტერის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოთხთავი