ყვარლის ტყეში უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს: ოთხთვალა ეტლის მოდელი და მაღალი წრის საერო პირისა თუ ქურუმის კვერთხი.
ორივე ნივთი ბრინჯაოსგანაა დამზადებული და წინასწარი შეფასებით, ზოგადად გვიან ბრინჯაოს ხანით თარიღდება, რომელიც დაიწყო ძვ. წ. XV საუკუნეში და დამთავრდა ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს.
აღმოჩენილი ნივთები ხელოვნების სასახლეს გადაეცა. სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ აღმოჩენასთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია გაავრცელა:
“კარგი საქმე არის ყოველთვის კარგი, სანთელ-საკმეველიც თავის გზას არასოდეს კარგავს. ჰოდა, აი, ძვირფასი შედეგიც! რამდენიმე დღის წინ, ყველას გახსოვთ ამბავი ყვარელში მომხდარი აღმოჩენის შესახებ, ის პატიოსანი და გულანთებული ყვარლელებიც გახსოვთ, ვინც ხელოვნების სასახლეში ძვირფასი ექსპონატები საჩუქრად მოიტანა.
ამ ამბავს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე ოპერატიულად გამოეხმაურა და აღმოჩენის ადგილას სპეციალისტების სერიოზული ჯგუფი გაგზავნა. პირველადი დათვალიერების შემდეგ არქეოლოგიური გათხრების დაწყება გადაწყდა….
და უკვე პირველი შედეგი დაიდო, მშვენიერი შედეგი თანაც, აღმოჩენის ადგილი ნაწილობრივ გაითხარა და როგორც სპეციალისტები ამბობენ სამარხის არსებობა ამ ეტაპზე გამოირიცხა, აქ უფრო სხვა ნაგებობის კონტურები იკვეთება. ვნახოთ, რას მოიტანს შემდეგი გათხრები, ფაქტია, წინ ძალიან საინტერესო ამბები გველის!
მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეს აკეთებს და გულშემატკივრობს.”