თენგიზ არჩვაძის საქართველოში მოწვეული შონ კონერი

თენგიზ არჩვაძის საქართველოში მოწვეული შონ კონერიალბათ ბევრმა არ იცის, რომ მსახიობმა თენგიზ არჩვაძემ საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავი შონ კონერი მოიწვია, რომელსაც მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის “წითელი კარავი” გადაღებებზე დაუმეგობრდა.

შოტლანდიელი მსახიობი ქართველმა ხელოვანმა მიხეილ კალატოზიშვილის ფილმზე “წითელი კარავი” მუშაობის დროს გაიცნო. შონ კონერს “ჯეიმს ბონდის” რამდენიმე სერიაში უკვე ნათამაშევი ჰქონდა.

თენგიზ არჩვაძე მათ შეხვედრას ასე იხსენებს:

“შონ კონერთან საერთო სცენებიც მქონდა. გადაღებისას დავძმაკაცდით კიდეც. მერე ჩვენი სცენები მონტაჟმა შეიწირა. არ ვიცი, ალბათ, განგებ გააკეთეს.…

საბჭოთა კავშირში გამომგზავრებამდე თურმე შონ კონერს ურჩიეს, კავკასია მოინახულე, იქ ბევრი მთაა და საოცარი ბუნებაა, როგორც შოტლანდიაშიო.

ვიფიქრე, ორი კვირით ჩამომეყვანა საქართველოში, შევუთანხმდი კალატოზოვს, მაგრამ ჩემი ჩანაფიქრი არ განხორციელდა… ორი კვირა აქეთ-იქით მარბენინეს, დაკითხვებზეც დამიბარეს და შონ კონერის საქართველოში ვიზიტიც ჩაიშალა.

ბოლოს ამ ამბავზე თვითონვე ხუმრობდა: – საქართველოში ჩამოსვლა აღარ მინდაო.

როცა მისი საქართველოში ჩამოყვანა ვეღარ მოხერხდა, მას და პიტერ ფინჩს რესტორან “არაგვში” ვეპატიჟებოდი. ამას ნამდვილად ვერავინ დამიშლიდა.

ერთხელ პიტერ ფინჩმა გაკვირვებულმა ისიც კი მითხრა:

– დანახარჯს ყოველთვის შენ რატომ იხდი, მილიონერები ხომ ჩვენ ვართ?!

– თქვენ მილიონერები ხართ, მე კი ქართველი-მეთქი, – იყო ჩემი პასუხი.”