6 მარტი, 2020

თამაზ ჭილაძე ანა კალანდაძეზე

თამაზ ჭილაძე ანა კალანდაძეზექართული პოეზიის დედოფლად წოდებულ ანა კალანდაძეზე მისი კოლეგა პოეტი და მწერალი თამაზ ჭილაძე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდა:

“ანა კალანდაძის პოეტურმა სიტყვამ ჩვენი ხალხის სულის წიაღიდან სწორედ მაშინ გამოანათა, როცა გვეგონა, ჩვენი სულიც ისევე გაუხეშებული, დაბრმავებული თუ დაყრუებული იყო, როგორც ჩვენივე ცხოვრებისეული სინამდვილე.

სხვათაშორის, დღეს ჩვენც ნუგეშივით აღვიქვამთ მის ლექსებს, ისევე, როგორც მათი პირველი მკითხველები. თუმცა, სხვა რა არის პოეზია, თუ არა ილუზია ღვთაებრივი ნუგეშისა?

მთავარი, რაც ასე გამოარჩევს ანა კალანდაძეს ჩვენი დღევანდელი შესანიშნავი პოეტების გუნდიდან და თავისთავადობასაც ანიჭებს მას, ალბათ, უპირველეს პოვლისა, ერთი შეხედვით უმწეო, ადვილად დასამსხვრევი სინატიფის ძლევამოსილებაა.

ასეთი განცდას აღძრავს, მაგალითად, ჩინური ფაიფური ანდა ძველი ქართული მინანქარი. ჩნდება სიმშვიდის მაგნიტური ველი, გაზაფხულის ხასხასა მდელო, გარშემორტყმული მირაჟებად ქცეული ხილვებითა თუ ჩვენებებით, რომლებიც შეიძლება იმ ქვეყნიდანაც კი, ანუ ჩვენი მარადიული სამყოფელიდან გვევლინებიან და ორი ქვეყნის საზღვარზე დგომის, თუ შეიძლება ასე ითქვას – შემაშფოთებელი სიამით გვავსებენ. ,,ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგავარ, გულო, რისად მეხუნები?”

ანა კალანდაძის პოეზია იდენად ემოციურია, საკვირველი არ იქნება, ეგზატირებულ ლოცვად წარმოიდგინოს ვინმემ, მით უმეტეს, რომ პოეტი უძველესი ქართული ჰიმნოგრაფიის ტრადიციასაც აგრძელებს. მისი ლექსებიდან ჩვენს დღევანდელობაში გადმოდის საგალობლების იდუმალი მუსიკა, რომელიც არსებითად ამეტყველებული ფიქრია, გულისთქმაა, აღსარებაა საკუთარი სინდისის წინაშე მარტოდ დარჩენილი ადამიანისა. ამასთანავე, მისი ლექსები, მაღალი ხელოვნების, მაღალი პროფესიული ნიშნითაა აღჭურვილი, ამდენად, აქ ეგზალტაცია კი არა, ემოციური ლოგიკაა, თუ გნებავთ, ემოციური წესრიგი, ერთგვარი ,,ემოციების სპექტრი”, სადაც ისევე ბუნებრივი კანონზომიერებითაა წარმოდგენილი სიტყვები, როგორც ფერები – ცისარტყელაში.

ერთ მეტად ცნობილ მწერალზე უთქვამთ, იმას კი არ წერდა, რაც ხალხს უნდოდა, არამედ იგივე უნდოდა, რაც ხალხსო. საგულისხმო სიტყვებია, მედროვე, პოპულარობის მაძიებელი კალმოსნისგან ასე რომ ანსხვავებენ ნამდვილ შემოქმედს. ვფიქრობ, ეს სიტყვები შეიძლებოდა ანა კალანდაძის მისამართითაც გაგვემეორებინა.”