12 მარტი, 2020

სუხიშვილების უარი 75 წლის იუბილეზე

სუხიშვილების უარი 75 წლის იუბილეზეანსამბლი სუხიშვილები წელს დაარსებიდან 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ანსამბლის ხელმძღვანელობამ შეწყვიტა საგასტროლო ტურნეები და გადაწყვიტა, მოხსნას 3 და 4 აპრილს თბილისში დაგეგმილი საიუბილეო კონცერტები:

“ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო! როგორც იცით, ანსამბლი 1 თებერვლიდან ვიმყოფებით საგასტროლო მოგზაურობაში. დიდი წარმატებით ჩავატარეთ კონცერტები პოლონეთის, რუმინეთისა, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში. 6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 4000-მდე მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგით გავმართეთ 5 კონცერტი.

გუშინ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კორონა ვირუსით გამოწვეული საფრთხის გამო, ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდუსერები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ უახლოესი რეისით დაგვაბრუნონ საქართველოში.

საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები! აქვე გვინდა გითხრათ, რომ მართალია უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას – ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც.

ასევე გაცნობებთ, რომ მოიხსნა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი ანსამბლის 75 წლის საიუბილეო კონცერტები.

ნუ მივეცემით პანიკას და მთავარია დავიცვათ რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად! ჯანმრთელობას გისურვებთ!”