სერგო ორჯონიკიძე სესილია თაყაიშვილზე

სერგო ორჯონიკიძე სესილია თაყაიშვილზეექიმი სერგო ორჯონიკიძე 14 წლის იყო, როდესაც ფილმში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” ზურიკელას როლი ითამაშა და სესილია თაყაიშვილის გმირის – ოლღა ბებიას შვილიშვილი გახდა.

“ჩემი შვილიშვილი “დოხტური” უნდა გამოვიდეს” – ამბობდა ოლღა ბებია და მისი “შვილიშვილი” მართლაც ექიმი გახდა.

ფილმზე მუშაობას ზურიკელა ყოველთვის დიდი სიამოვნებით იხსენებს, განსაკუთრებული კი მისთვის მაინც ოლღა ბებია – სესილია თაყაიშვილია:

“ოლღა ბებიას როლის შესრულების გამო სესილიამ საღი კბილები დაიძრო. ის მაშინ 55 წლის იყო.

სკოლიდან მომავალმა ზურიკელამ ღელე გადაირბინა, ბებია კი ვერ გადადიოდა. რეჟისორმა მითხრა, შენ უნდა დაბრუნდე უკან, აიყვანო ხელში ბებია და გადმოიყვანოო.
14 წლის ვიყავი. როგორია, პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო?! მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა მძიმე იქნებოდა, სულაც არ აღმოჩნდა მძიმე, მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე.

13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამაგდოსო.”