პოეტისა და მწერლის ოთარ ჭილაძის წერილი პოეტ ანა კალანდაძეზე იმდენად გულწრფელია, რომ მისი ემოციის გარეშე წაკითხვა შეუძლებელია:
“გარდაიცვალა ანა კალანდაძე!
უცნაურია, მაგრამ ვერ ვგრძნობ დანაკლისს. არადა, თითქოს უნდა ვგრძნობდე. აღესრულა ჭეშმარიტი პოეტი და, თანაც, ყველა ჩვენგანისათვის, მთელი ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად მძიმე და სახიფათო პერიოდში.
დღეს ნებისმიერი ჩვენგანის სიკვდილი აუნაზღაურებელი დანაკლისია, რადგან კვლავაც გადასარჩენად გვაქვს საქმე და, როგორც არასდროს, ისე ვჭირდებით ერთმანეთსაც და ქვეყანასაც.
მოულოდნელად გაჩენილი ნებისმიერი სიცარიელე ისევე სახიფათოა ჩვენთვის, როგორც კიდევ ერთი, თუნდაც უმნიშვნელო ბზარის გაჩენა ისედაც ჩასაძირად განწირულ ხომალდზე. სიცარიელე, რომელსაც გარდაცვლილი ადამიანი ტოვებს, გაცილებით ძნელი ამოსავსებია და, რაც მთავარია, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, უფრო სწორად კი, ჩემდა გასახარად, ამ სამწუხარო ცნობამ, სრულიად საწინააღმდეგო შეგრძნება აღძრა ჩემში – თითქოს საიმედო თანამებრძოლი, უნიჭიერესი პოეტი კი არ გამოაკლდა სამშობლოსათვის თავდადებულთა რიგებს, პირიქით – მიემატა; სიცარიელის გრძნობა კი არ გააჩინა, არამედ სისავსისა; განწირულობისა კი არა, რწმენისა და იმედისა…
ეს ანომალური სიკვდილია, ძველს კი არ ამთავრებს, ახალს იწყებს. დიახ, დღეს დაიწყო ანა კალანდაძის უკვდავება, ჩემს სამშობლოს კიდევ ერთი დიდებული, დიადი, საამაყო შვილი შეემატა, საქართველოს ციხე-გალავანს – კიდევ ერთი ურყევი, შეუვალი ბურჯი… დარწმუნებული ვარ, ბევრ მიწიერ სიძულვილს, მტრობას, სისასტიკეს მოიგერიებს ეს ბურჯი საუკუნეთა მანძილზე, ამგვარ მარადიულ ბრძოლებში უკვე არაერთგზის გამარჯვებულ მის საყვარელ წინამორბედთა მსგავსად.
ანა კალანდაძემ, როგორც ახალმა ვარსკვლავმა, ქართველი ხალხის ნებით, საქართველოს უკიდეგანო ცაზე, დღეს სამარადისოდ დაიკავა მიწიერი ტანჯვა-წვალებით მოპოვებული ადგილი…”