14 მარტი, 2020

ნაწარმოებების ცნობილი დასაწყისები კორონიანობის ჟამს

გიორგი კეკელიძე კორონავირუსისგან შეშინებულ და დაზაფხულ საზოგადოებას ურჩევს ცოტათი გახალისდეს და სთავაზობს ნაწარმოებების ცნობილ დასაწყისებს კორონიანობის ჟამს:

“ცარიელ მანქანის სამრეცხაოში ვზივარ ერთადერთი მოწყენილი კლიენტი. ცოტა დრო მაქვს და თქვენს გასახალისებლად, წარმოვიდგინე, მსოფლიო კლასიკის შედევრების დასაწყისები კორონავირუსის კონტექსტში რომ დაწერილიყო. ცხადია, კამიუს ,,უცხოს” ან ტვენის ,,ტომ! პასუხი არ არის!” შავ იუმორად ქცევას მოვერიდე.

მაშ, ასე:

“გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, აფთიაქში რომ შევიდა და პირბადე ხომ არ გაქვთო, იკითხა. პირველად მაშინ გადარჩა დახვრეტას.”

(გაბრიელ მარკესი. “მარტოობის ასი წელიწადი”)

 

“კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა და აფრიკაში ამსიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან გაყინული და გამოფიტული დისპენსერი გდია. კაცმა არ იცის, ვინ აიტანა იმ სიმაღლეზე”

(ერნესტ ჰემინგუეი. “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”)

 

“გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, თბილისის აეროპორტს ორი ნიღბიანი მოქალაქე ეწვია.”

(მიხაილ ბულგაკოვი “ოსტატი და მარგარიტა”)

 

“წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელშიც ამჯერად სადეზინფექციო სითხე ესხა.”

(ჯეიმს ჯოისი ,,ულისე”)

 

,,საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ დიდი ქონების პატრონ მარტოხელა მამაკაცს, თუ ის ბოლო დროს იტალიაში იყო, უსათუოდ კარანტინი სჭირდება.”

(ჯეინ ოსტინი ,,სიამაყე და მცდარი აზრი”)

და ა.შ. და ა.შ.”