ლაშა მარგიანი: “ეს დაგღუპავთ!”

ლაშა მარგიანი: "ეს დაგღუპავთ!"პოეტი ლაშა მარგიანი დარწმუნებულია, რომ არავინ არაფერი არ იცის სხვისი გულის უფლის გარდა:

“საბოლოო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის, სხვას არავის, არც მღვდლებს, არც ეპისკოპოსებს, არც ანგელოზებს და ა.შ.

ღმერთისას კი ვერაფერს გაიგებ, თუ, პირველ რიგში, დაზეპირებული ლოცვების კი არა, მისი სიჩუმის არ გესმის.

ვისაც გაინტერესებთ რა აღმსარებლობის ვარ, გეტყვით, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მთელი ბავშვობა სტიქაროსანი და მედავითნე ვიყავი, ვწერდი ხატებსაც. ასე გამზარდა დედაჩემმა. მან შემაყვარა ეს ყველაფერი. თან არ დამყოლია. დიდი ხანია არ ვზიარებულვარ და ეკლესიაში სიარულსაც მოვწყდი, მინდა ოდესმე აღვადგინო ეს ყველაფერი, მაგრამ ვინც ამით ჩემი და ჩემნაირების რწმენას ან სულიერ მდგომარეობას განსაზღვრავთ, იცოდეთ, რომ საშინელ ცოდვაში იგდებთ თავს.

ნუ მიეჯაჭვებით ქრისტიანული ცხოვრების მხოლოდ გარეგნულსა და ფორმალურ მხარეს, ეს დაგღუპავთ.

ფარისევლებად გაქცევთ. დღეს ასგან მაინც წავიკითხე ზუსტად სახარებისეული ფარისევლის ლოცვის მსგავსი ტექსტები, სადაც ის ამბობს:

“ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.

ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.”

ნახე, ღმერთო, მე რა კარგი ვარო, ისინი კი ვინც ტაძარში არ მოვლენ და შეუშინდებიან ზიარებას, ურწმუნოები არიანო, გმადლობ ღმერთო, რომ მათ არ ვგავარ, აბა, ჩემნაირები წამოდით და ავავსოთ ეკლესიაო.

არავინ არაფერი არ იცის სხვისი გულის, არავინ არ იცის იქ რა ხდება, უფლის გარდა.

ღმერთმა მხოლოდ ის გვთხოვა, რომ ერთმანეთი გვყვარებოდა ისე, როგორც საკუთარი თავი, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვასრულებთ.

იმედია, მალე გადაივლის ეს განსაცდელიც, თორემ სულიერად უფრო მეტი დაიღუპება, ვიდრე ფიზიკურად.

უფალმა დაიფაროს საქართველო და მასთან ერთად მთელი მსოფლიო.”