5 მარტი, 2020

ჯემალ ქარჩხაძე ინტელიგენციაზე

ჯემალ ქარჩხაძის აღსარებამწერალი ჯემალ ქარჩხაძე ინტელიგენციაზე გულწრფელად საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ინტელიგენცია ბუნებრივი შემკავებელია:

“ინტელიგენტი სანთელია, რომელიც თავისი ცხოვრების არეს ანათებს. როცა ქვეყანაში ასეთი სანთელი ბევრია, მაშინ ქვეყანა გაჩირაღდნებულია. რაც უფრო ცოტაა სანთელი, ქვეყანაც მით უფრო ჩაბნელებულია, სიბნელეში კი არა მარტო ქურდები გამოდიან საშოვარზე; ბევრი იმათგანი, ვინც თავს პატიოსნად თვლიდა და, შესაძლებელია, იყო კიდეც პატიოსანი, არ შეიძლება ცდუნებას არ აჰყვეს.

თუ ვინმეს ეს სურათი ზედმეტად მაქსიმალისტური მოეჩვენოს, გადაავლოს თვალი ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, პეტრე მელიქიშვილის და უამრავ მათ თანამედროვეთა პირად ცხოვრებას და დარწმუნდება, რომ გადაჭარბებული აქ არაფერია.

ერთი გარეგანი ნიშანიც ვიცი ინტელიგენტისა: ხეპრე ვერ იტანს.

როგორც სინდისს აქვს ბიოლოგიური შემკავებლის ფუნქცია, რაც ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია, ისე ინტელიგენციას აქვს საზოგადოებრივი შემკავებლის ფუნქცია, რაც უფრო მაღალი ზნეობრივი საფეხურია და კანონიერებისა და სამართლიანობის საწინდარი. ამავე დროს ინტელიგენცია, როგორც ერის სახე და მისი პოტენციის საზომი, სულიერი განვითარების მამოძრავებელი ძალაა, ზღაპრული რაშების მათრახიცა და ლაგამიც.

საქართველოში ასეთი ინტელიგენცია მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა. საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა კიდეც და ჩვენმა ისტორიამაც შვებით ამოისუნთქა, რადგან სწორედ ეს იყო ერის გადარჩენის ერთადერთი პირობა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი უკვე შეიძლებოდა ლაპარაკი არა მარტო იმაზე, რომ საქართველომ საბოლოო დააღწია თავი შუა საუკუნეების სიბნელეს, არამედ იმაზეც, რომ საქართველოს ამისათვის მინიმალური დრო დასჭირდა, რაც ერის დიდი შინაგანი ძალის მაჩვენებელი იყო.

დღეს ინტელიგენცია, არსებითად, არა გვყავს. ის რამდენიმე სანთელი, რომლებიც ჯერ კიდევ ანთია, მხოლოდ რამდენიმე სანთელია და ერთიან სინათლეს ვერ ქმნის. ოცდაათიანი წლების ნაჯახმა ჩვენს ეროვნულ ხეს მთავარი ტოტები დააჭრა. საქართველო უმთავრესად სწორედ ინტელიგენციისაგან გაიწმინდა (ხეპრე ვერ იტანს!), ტრადიცია კი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი ძალისა, რომ გადაჭრილი ტოტების ადგილას ახალს ამოეყარა. ამას არც დრო უწყობდა ხელს და არც გონიერება. ინტელიგენცია რომ შეიქმნას იქ, სადაც ინტელიგენცია არ არის, პირველ რიგში, საჭიროა იმის აღიარება, რომ ინტელიგენცია არ არის. ჩვენში კი დრომ და უგუნურებამ ხელოვნური ინტელიგენციის გამოჩარხვა სცადა. ეს უაზრობაც იყო და ძალადობაც, რადგან არაინტელიგენტს ისევე ვერ მოსთხოვ ნამდვილ ინტელიგენტობას, როგორც კოჭლს ვერ მოსთხოვ გამართულ სიარულს. კოჭლს შეუძლია იხტუნოს, იცეკვოს, ირბინოს, მაგრამ გამართულად ვერ ივლის, ინტელიგენტობა კი სწორედ გამართული სიარულია.

ვიცი, ეს მარტო საქართველოს უბედურება არ არის, მაგრამ ის კი არ ვიცი, როდის ჩავრთეთ დამატებითი სიჩქარე და რომელ ეტაპზე გადავუსწარით სხვებს, ისეთი რა იმალებოდა ჩვენი ბუნების ღრმა შრეებში, რომ დრომ და ვითარებამ ასეთ სარეველად წამოშალა. იქნებ ვინმეს მოეჩვენოს, თითქოს მეტისმეტად ვამუქებ ფერებს, იქნებ ვინმე შემომწყრეს კიდეც, მაგრამ წყრომას ახლა მგონი ისა სჯობს, ძილ-ბურანს თავი დავაღწიოთ და დაკვირვებით მიმოვიხედოთ. ჩვენ უნიკალური მოვლენის მოწმე ვართ – ერი თვალდათვალ იცვლის სახეს.

ცოტაც და იმ საქართველოდან, რომელიც ჩვენს ცნობიერებაშია აღბეჭდილი და რომელიც გვიყვარს, სულ სხვა საქართველოს მივიღებთ. ვიდრე მტერი გარეთ გვყავდა, ვებრძოდით და ვუმკლავდებოდით კიდეც, როცა სულში გაგვიჩნდა და შემოგვიტია, დავიბენით, რადგან საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა არ ვიცით. ჩვენი სიმღერა და სიყვარული კვლავაც ხმაურიანია, მგზნებარე და პათეტიკური, მაგრამ სიმღერისა და სიყვარულის საგანი თუ ხელიდან გამოგვეცალა, უსაგნო სიმღერასა და სიყვარულს რას ვაქნევთ!

როცა ქვეყანას პროვინციალიზმის ხავსი მოედება, არ შეიძლება მორალი არ შეირყვნას. სადაც არ არის ინტელიგენცია – ბუნებრივი შემკავებელი, იქ განსაკუთრებული კეთილსინდისიერებით უნდა მოქმედებდეს კანონი – ხელოვნური შემკავებელი, მაგრამ კანონს თუ რჩეულები ჰყავს და ამგვარად საყოველთაობის ფუნქცია დაკარგული აქვს, ის უკვე კანონი აღარ არის და ეს ხელოვნური ზღუდეც დაქცეულია. ეს ობიექტური მიზეზი კია, მაგრამ ობიექტურ მიზეზს ახსნა შეუძლია და არა გამართლება. საუკუნეების განმავლობაში რომ მშივრები ვიყავით, განა შეიძლება ეს იმის გამართლებად გამოდგეს, რომ, რაკი საჭმელი ვიშოვეთ, გაძღომა ვერ გავიგოთ, ზნეობა ნიღბად ავიფაროთ და გულში ოქროზე ვლოცულობდეთ, ომახიანად ვიძახოთ, უმაღლესგანათლებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა ვართო, ჭეშმარიტად მოწინავე კი მხოლოდ მუცლის გარეშემოწერილობით ვიყოთ!..”