4 მარტი, 2020

ის, რაც ივანე ჯავახიშვილზე უნდა ვიცოდეთ

ის, რაც ივანე ჯავახიშვილზე უნდა ვიცოდეთთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელზე ივანე ჯავახიშვილზე თითქოს ყველაფერი ვიცით, თუმცა ლევან თაქთაქიშვილი ისტორიკოსს სულ სხვა კუთხით გვაცნობს:

“ივანე ჯავახიშვილი! როგორ ჟღერს, არა? თითქოს სვეტიცხოვლის ზარი ჩამოკრესო, თითქოს ალავერდის ტაძარი ამოვარდა შენს წინ, თითქოს გორგასალმა დაიღრიალა და თითქოს თამარ მეფემ გადმოხედა ვარძიიდან თავის ერს.

არადა, ალბათ, ხმალი მას არასოდეს მოუქნევია, ალბათ არავინ უცემია, არც სპორტში გაუმარჯვია, არც მილიონი ჰქონია, არც სახლი აუშენებია, არა, მას მხოლოდ ტვინი და კალამი უჭრიდა და უზომოდ უყვარდა საქართველო. ბრწყინვალე ლოგიკური აზროვნება, ნებისყოფა, უდიდესი ერუდიცია, თავადური გამორჩეული ქცევა და ამავე დროს მიამიტური უბრალოება. აი, ყველაფერი ის, რაც მას ბავშვობიდან ყველასაგან გამოარჩევდა.

ამას მოჰყვა ბრწყინვალე განათლების მიღება, რჩეულ მასწავლებლებთან ურთიერთობა და მეგობრობა, უნივერსიტეტის დაარსება, დამოუკიდებლობის გამოცხადება და, რაც მთავარია, მისი უმთავრესი მისიის აღსრულება: ქართველი ერის ისტორიის მრავალტომეულის დაწერა.

მის თავზე ათასმა ქარბორბალამ გადაიარა, გაუძლო, აიტანა, ბოლოს ყურთ დააკლდა სმენა, კუჭიც აწუხებდა, ბოლოს დააფასეს ღვაწლი და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობაც მიანიჭეს.

თითქოს ოდნავ მოძლიერდა, მაგრამ ცხოვრებისგან მიღებულმა ყოველივე ტკივილმა თავისი ქნა, თავის ლექციაზე წაიქცა, უფრო ზუსტად, წაქცევამდე მარადისობაში გადავიდა.”