8 მარტი, 2020

გოგი ხარაბაძე გოგი დოლიძეზე

გოგი ხარაბაძე გოგი დოლიძეზემსახიობი გოგი ხარაბაძე მომღერალ გოგი დოლიძეს თბილისელ უბრალო ბიჭს უწოდებდა.

მის გარდაცვალებას მსახიობი ასე გამოეხმაურა:

“მწუხარების ზარის ხმამ ორიოდ საათში მთელ საქართველოს გადაუარა.

41 წლის ახალგაზრდა კაცს, ეს რა სიმაღლეები დაგიპყრია, ასე როდის და რა ძალით შეგიღწევია შენი სალოცავი ქართველების სულში?

ესაა გმირობა, ვაჟკაცობაც ეს არის, ჩემო გოგი, ბატონო გოგი დოლიძევ! შენ კი არასდროს გიფიქრია, რომ რაღაც განსაკუთრებული იყავი და ასე მოულოდნელი გასვლა წუთისოფლიდან – შენი მარადიული, ჩაუქრობელი ახალი სიცოცხლის საწყისად იქცეოდა – გაუხუნარი ლეგენდა ერთ თბილისელ ძალზე უბრალო ბიჭზე – გოგი დოლიძეზე!

მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რამე ვთქვა შენს არაჩვეულებრივ მონაცემებზე, როგორც მომღერალზე. ეს იმ სპეციალისტთა საქმეა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა შენთვის, უბრალოდ ვერ მოიცალა. ერთ რამეს კი მაინც ვიტყვი, რომ ძალზე შეცდება, ვინც შენ მხოლოდ საესტრადო მომღერლად მოგნათლავს, ისიც, ვინც შენს შემოქმედებაში პრიორიტეტს ფოლკლორს მიანიჭებს. არა! შენ იყავი უნიკალური მოვლენა, რომელიც თანაბარი ძალით, უშურველად აფრქვევდა ღვთით ბოძებულ ნიჭიერებას ერთ სცენაზე – მას სწორუპოვარი ქართული სიმღერის, ქართული ჰანგის ამბიონი ჰქვია!

-საქართველოს მომღერალიაო, – თქვეს ამ ორი დღის წინ. აქამდე ასე არავის უღიარებიხარ, თორემ როგორ გაიხარებდი!

კიდევ ისიც ითქვა, რომ უაღრესად ქართული სულისკვეთების მომღერალიაო. რაღაა ამაზე დიდი ჯილდო, ჩემო ძმაო, მაგრამ ვწუხვარ, რომ ეს პატარა ფრაზაც სიკვდილშემდგომია. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე იყო ჩვენში. დღესაც ასეა, ჩვენთვის ერთობ ახლობელო კაცო, თუმც… დღეიდან უკვე საზოგადო პიროვნებავ, მე ვიტყოდი – ზოგადქართულო სევდავ და სიამაყევ, გოგი დოლიძევ!

ბოლო წლების ცრემლგამშრალ თბილისს და საქართველოს არ ახსოვს ასეთი რამ – ათეულ ათასობით ადამიანია შენი ჭირისუფალი.

რამდენი მეგობარი გყოლია, გოგი! არადა, შენ ხომ ცხოვრებისეული მოუგვარებელი პრობლემები მძიმე ლოდივით გაწვა გულზე, ბოლო ხანს ასე ბევრს რომ ცდილობდი მათ მოსაგვარებლად. დახმარება არავისთვის არ გითხოვია, არავინ შეგიწუხებია. მათ გვერდით კი ძალზე ხშირად იყავი, ვინც შენ დუხჭირ ცხოვრებას, თავისი დღევანდელი მდგომარეობის გამო, ერთი სიტყვით შეცვლიდა.

შენი მოულოდნელი გარდაცვალება, კიდევ ერთხელ აჭეშმარიტებს იმას, რომ ჩვენ, ქართველებს ერთმანეთის მეტი არავინა გვყავს, რომ ერთმანეთისთვის ვიბადებით და ბოლოს ისევ ერთმანეთისთვის ვკვდებით. ჰოდა, მცირე, სულ მცირე სითბო, მოფერება გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. დაე, შენი წმინდა ცხედარი იყოს ჩვენთვის კიდევ ერთი მწარე მაგალითი.

8 მარტის საბედისწერო დილას განბანას აპირებდი, მაგრამ ვერც ეს შეისრულე. მოულოდნელად შეწყდა შენი პატიოსანი, უღალატო გულის ძგერა – თუმცა აქ განგების ხელიც ერია. სულ მალე შენ განიბანე ისე, როგორც იშვიათად ღირსებია ვინმეს. შენ განიბანე სრულიად ქართველთა ცრემლით, რომელშიც მარად უკვდავი ღვთისმშობლის ცრემლიც უდავოდ ურევია.

მშვიდობით, ლეგენდის შესავალში მდგარო ჩემო საყვარელო ძამიკო, თბილისელო უბრალო ბიჭო, გოგია!”