14 მარტი, 2020

გივი მარგველაშვილის ზუსტი დრო გარდაცვალებისთვის

გივი მარგველაშვილის ზუსტი დრო გარდაცვალებისთვისქართველი გერმანულენოვანი მწერლის, ფილოსოფოსისა და უნივერსიტეტის პროფესორის 92 წლის გივი მარგველაშვილის გარდაცვალებას პოეტი შოთა იათაშვილი ზუსტად შერჩეულ დროს უწოდებს:

“ზუსტი დრო შეარჩია. მაინც მთელი ცხოვრება მარტოსული და სიმყუდროვის მოყვარული კაცი იყო, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე გალია ცხოვრება და ბოლო გზასაც ზედმეტი ხმაურის გარეშე დაადგა, მაშინ როცა ყველა თავის სახლშია ჩაკეტილი და ხალხმრავალი ცერემონიები აკრძალულია. ვიზიარებ მწუხარებას.”

ზურაბ კიკნაძე, ლიტერატორი:

“ეპოქალური ადამიანი, რომლის ზურგზე გადაიარა მეოცე საუკუნის ორმა საშინელმა რეჟიმმა, რაც აისახა კიდეც მის შემოქმედებაში.”

ზურაბ ქარუმიძე, მწერალი:

“იმას, რასაც გივი მარგველაშვილი წერდა, “მეტა-პროზა” ეწოდება, ზოგი “ონტოტექსტს” ეძახის. ესაა თვითრეფლექსიური პროზა, პროზა, რომელიც თავისი შეთხზულობის, ლიტერატურულობის, გამოგონილობის თემატიზირებას ახდენს. დიდი ხნის წინ ასე განვსაზღვრე: ესაა პროზა, როცა მწერალი “ამბის თხრობისას თხრობის ამბავსაც გვიამბობს”.

ჰოდა, საქმე რაშია – გივი მარგველაშვილი მეტა-პროზის წერას იწყებს წინა საუკუნის 60-იანი წლების სულ დასაწყისში, ანუ იმ დროს როცა თავად ევროპასა და ამერიკაში მეტა-პროზა ჯერაც ჩამოყალიბების ფაზაშია. არადა, გივი “რკინის ფარდის” პირობებშია, ძალიან მწირია ის ინფორმაცია, რაც თავისუფალი სამყაროდან შეიძლებოდა რომ შემოსულიყო.

ჰოდა, საიდან მოტვინა ეს ყველაფერი ამ გასაოცარმა კაცმა, სულ მინდოდა მეკითხა მისთვის, მაგრამ, ისე წავიდა, რომ ვერ მოვასწარი… ღმერთმა ნათელში ამყოფოს.”