25 მარტი, 2020

გამოცდილი შელოცვა ბესიკ ხარანაულისგან

ცხოვრების გაკვეთილი ბესიკ ხარანაულისგანპოეტი ბესიკ ხარანაული თავის გამოცდილ შელოცვას გვიზიარებს, თუ როგორ დავუყვავოთ კორონავირუსის სახადს:

“ლექსების კითხვა გამოცდილი შელოცვაა სნეულებისა

ჯამბაზი თოკითაა,
მწერალი – კალმით,
და ორივე – სანახაობა.
რა ქნას კაცმა,
სათამაშოდ თუ არ გამოეწყო?
რა ქნას კაცმა?
სულ გამოცდაშია:
თავის წინ, ქვეყნის წინ,
ხილულისა და უხილავის წინ.
ყველას უნდა დაუმტკიცოს,
რომ შესწევს ძალა,
რომ გადარჩება.
მეც სახლში ვარ,
შენც სახლში ხარ,
დედამიწაც შეყრილა სახლში,
გვიცქერის ფანჯრიდან…
მოდი, ავალ ცის აივანზე,
წვიმასავით,
თოვლივით,
და ნაპერწკლებივით…
მოდი, მიცქიროს ხალხმა,
დარდი გადიყაროს,
თავი გაირთოს…
მოდი, თქვას,
– გახედე,
კაცი არის ცის აივანზე!
– წვიმა მოდის,
თოვლი მოდის,
ლექსებს მოიყოლებს!..
ლექსი ერთგული წამალია სნეულებისა.”