ერეკლე მეფის 40-დღიანი გლოვა და ეპიდემია

ერეკლე მეფის 40-დღიანი გლოვა და ეპიდემიაალბათ ბევრმა არ იცის, რომ მეფე ერეკლე მეორე 40 დღის განმავლობაში არ დაუკრძალავთ.

გადმოცემის მიხედვით, საქართველოში მაშინ ეპიდემია – შავი ჭირი მძვინვარებდა. მეფე თელავში 78 წლის ასაკში სწორედ იმ ოთახში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა და მცხეთაში, სვეტიცხოველში უნდა დაეკრძალათ.

იმ დროს ძალიან რთული იყო მეფის კახეთიდან გადმოსვენება, თუმცა ეს მაინც მოხერხდა. დიდი სურვილის მიუხედავად, შავი ჭირის ეპიდემიის გამო, ვერ მოხერხდა ერეკლე მეორის ცხედრის თბილისში, სიონის ტაძარში დასვენება.

თელაველებმა იგი პირდაპირ მცხეთაში ჩაასვენეს, დატოვეს არაგვის პირას და უკან გაბრუნდნენ. არაგვის გაღმა მყოფმა მცხეთელებმა სამგლოვიარო პროცესიის მისვლისთანავე, ფეხით გადალახეს არაგვი და ერეკლე მეფის ნეშტი გადაიბარეს.

ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, წერს:
“ოდეს მეფე გარდაიცვალა თელავსა, ჭირი ესე იყო მიზეზი რომელ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით გადაიტანეს გვამი მეფისა მცხეთას დასასაფლავებლად”.

თელავიდან წამოსული ჭირისუფლებიდან არავინ შეჰყვა მცხეთაში მეფის ცხედარს, მხოლოდ ერეკლეს კარის მოძღვარი ქრისტეფორე კეჟერაშვილი-ბადრიძე გაჰყვა მეფეს ბოლომდე, გადაუხადა პარაკლისი და ყველა წესი შეასრულა.

იმ დროს სვეტიცხოველში შესვლა ძალიან სახიფათო იყო, იმიტომ რომ ყველა დასნეულებულს იფარებდა სვეტიცხოველი, მაგრამ მღვდელი ქრისტეფორე ამასაც არ შეუშინდა, მან მეფის ოჯახს აღუთქვა, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად საყვარელი მეფისთვის ყველა ქრისტიანულ წესს აღასრულებდა და ერეკლე მეორეს საკადრისად დაკრძალავდა.

ქვეყნისა და მეფის ერთგულმა მოძღვარმა თავისი პირობა შეასრულა, მეფისთვის მცირე აღაპი გადაიხადა და 11 იანვარს გარდაცვლილი ერეკლე მეორე 21 თებერვალს სვეტიცხოვრის ტაძარში ქართულ მიწას მიაბარა.