17 მარტი, 2020

ეკატერინე ჭავჭავაძის უძვირფასესი რელიკვიის ისტორია

ეკატერინე ჭავჭავაძის უძვირფასესი რელიკვიის ისტორიასამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის უძვირფასესი რელიკვიის საქართველოში დაბრუნება ილიკო სუხიშვილის სახელთან არის დაკავშირებული.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი: 

“ერთი გმირობის ისტორია

1959 წელს სან-ფრანცისკოში, ივნისის თბილი დღე იდგა, ქალაქის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა აღაფრთოვანა იქაური მაყურებელი. კონცერტი „მხედრულით“ დამთავრდა, თითქოს ქარიშხალი ამოვარდა სცენაზე, კვლავ ტაში… ფარდა თოთხმეტჯერ გაიხსნა და დაიხურა.

ილიკო სუხიშვილმა მხოლოდ ახლა ამოისუნთქა, კარგი სტარტი შესანიშნავი ფინიშით დასრულდა, დაღლილმა კულისებს მიაშურა.

– მიიღეთ სადარბაზო! – შეაჩერა იგი კურიერმა. ილიკომ ჩვეული სიდინჯით აიღო იგი: „გესალმებით საბჭოთა მსახიობებს, კონცერტის შემდეგ გიწვევთ ქალაქის მთავარ რესტორანში. ლევან დადიანი“.
ჩაიკითხა ბოლომდე და გაკვირვებულმა ხმამაღლა იკითხა:

– ვინ უნდა იყოს?

– მე გახლავართ! – გაისმა თავისებური აქცენტით ნათქვამი ქართული. ილიკოს წინ იდგა ახოვანი, თმაშევერცხლილი ლევან დადიანი, რომლის თვალებში უსაზღვრო სევდა ჩამდგარიყო… მეორე დღეს ემიგრანტი და ქართველი მოცეკვავეები სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში უხვი სუფრის გარშემო მუსაიფობდნენ.

– თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს, – წამოიწყო დადიანმა, – რამდენი წელია საქართველოს განძს ვინახავ, ეროვნულ განძს! – თქვა მოწიწებით და მოცეკვავეებს ხელისგულზე დადებული ჯიბის საათი აჩვენა.

– ეს საათი ეკატერინე ჭავჭავაძეს ეკუთვნის, ინგლისშია გაკეთებული, დაკვეთით. დედოფალს თავს ერჩია თავისი უმცროსი ვაჟი ანდრია, რომელიც გაუგონარ წარმატებებს აღწევდა ჭადრაკის თამაშში…

დედოფალმა დაბადების დღეს უძღვნა ეს საათი საყვარელ შვილს. ანდრიამ მასზე ამოატვიფრინა თავისი გერბი, სადაც ჭადრაკის ფიგურა – მხედარია ჩახატული. ამ საათს, – განაგრძობდა მოხუცი, – ანდრია მუდამ თან ატარებდა, მისი სიკვდილის შედეგ კი ბიძაჩემი უჩა… უცხოეთს შეხიზნულ ბიძას იგი დაუგირავებია, გამოსყიდვის საშუალება არ ჰქონია და მასზე უფლება დაუკარგავს. მისი სიკვდილის შემდეგ ყველას გადაავიწყდა საათის არსებობა. ამ რამდენიმე წლის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე ერთ კოლექციონერთან. იმაზე მეტი შევთავაზე, ვიდრე საათი ღირდა, მაგრამ უარით გამომისტუმრა…

გადავწყვიტე, როგორც მემკვიდრეს, სასამართლოსთვის მიმემართა, ასეც მოვიქეცი. თუმცა საქმის მოგება 2000 დოლარი დამიჯდა, მიზანს მაინც მივაღწიე… ამ ნივთს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი, ასე მეგონა თან დამყვებოდა მამა-პაპათა ლოცვა-კურთხევა… დღეს კი გადავწყვიტე თქვენ გაგატანოთ სამშობლოში. მუხლმოდრეკით გთხოვთ, ჩაიტანეთ საქართველოში და ზუგდიდის მუზეუმს შესწირეთ, – ბატონმა ლევანმა ცივი ოფლით დაცვარული შუბლი ცხვირსახოცით შეიწმინდა და თვალთ მომდგარი ცრემელები ძლივს შეიკავა.

სტუმრები დაემშვიდობნენ მასპინძელს. ქართველი მოცეკვავეები თანაგრძნობით შეჰყურებდნენ ცხოვრების უკუღმართობით უცხოეთში გადახვეწილ, ბედისგან გარიყულ უჩა დადიანის ძმისშვილს, რომელმაც ბიძის კუთვნილი და მერე დაკარგული რელიკვია საქართველოს სრულიად უსასყიდლოდ დაუბრუნა.”

ეკატერინე ჭავჭავაძის უძვირფასესი რელიკვიის ისტორია