21 მარტი, 2020

დათო ტურაშვილი – “მინდა ტესტირება გამიკეთონ!”

დათო ტურაშვილი - "მინდა ტესტირება გამიკეთონ!"მწერალი დათო ტურაშვილი მისთვის სწრაფი ტესტის ჩატარებას მოითხოვს.

იგი ამსტერდამში ახალი წიგნის დასაწერად და ლექციების წასაკითხად ჩავიდა, თუმცა უნივერსიტეტი დაიკეტა და მწერალი საქართველოში დაბრუნდა.

სამშობლოში დაბრუნებული მწერალი არც კარანტინში გადაიყვანეს და არც თვითიზოლაცია მიუსაჯეს:

“მეექვსე დღეა სიცხე არ მაქვს, სიმპტომებიც არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდოდა მოვხვედრილიყავი კარანტინში. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა. ძალიან გაბრაზებული ვარ, არც თვითიზოლაცია მომისაჯეს, არც კარანტინი.

გასაგებია, რომ წესების მიხედვით, 8 ქვეყნიდან ჩამოსულებს ეკუთვნით კარანტინი და ჰოლანდია არ შედის ამ 8 ქვეყანაში. პრობლემა ის არის, რომ იმ ქვეყნებიდან ჩამოსულს ძალიან ბევრს არ დაემართა კორონავირუსი, მაგრამ ძალიან ბევრს სიმპტომები აქვს იმის გამო, რომ გამოაიარა აეროპორტები. მეც გამოვიარე ამსტერდამის უზარმაზარი აეროპორტი. გარდა წესებისა, არსებობს ლოგიკა – თუ ვიღაცას ეკუთვნოდა გერმანიიდან დაბრუნებულს, მეც ხომ მეკუთვნოდა, იმიტომ რომ უზარმაზარი აეროპორტი გამოვიარე.

სულ არ ვჩივი ჩემს თავს, მითუმეტეს, ძალიან დიდ რისკ-ჯგუფში ვარ ჩემი გულის ოპერაციის გამო. წარმოიდგინეთ მართლა რომ მქონდეს კორონავირუსი შეიძლება გადავურჩე ან ვერ გადავურჩე, მაგრამ იმ დარდს ხომ ნამდვილად ვერ გადავურჩები, რომ ვიღაცას შევუქმნი პრობლემებს და გადავდებ.

როგორ ვერ მოიძებნა ქვეყანაში ერთი საკარანტინო ოთახი, რომ მოვეთავსებინე?! არ ვიცი ვის მივმართო, მინდა ტესტირება მაინც გამიკეთონ. სხვა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს სწრაფი ტესტირება, ჩვენ რატომ არ გვაქვს ამის საშუალება? ჩემნაირი ადამიანებისთვის ეს პრობლემა მოგვარდებოდა ფსიქოლოგიურად მაინც. ჩვენ დიმიტრი უზნაძის ქვეყანა ვართ და მის ტექსტებს მთელ მსოფლიოში იყენებენ ახლაც კი, იმიტომ რომ მთავარია განწყობის თეორია, რასაც ქადაგებდა დიმიტრი უზნაძე. მთავარია მშვიდად და მხნედ ვიყოთ, შიში ვერაფერს შეცვლის. ამიტომ მინდა გავამხნევო ადამიანები და ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო.”