11 მარტი, 2020

ალექსანდრე ბასილაიას ფასდაუდებელი საჩუქარი

ალექსანდრე ბასილაიას ფასდაუდებელი საჩუქარიკომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიასთვის ყველაზე ფასდაუდებელი და განსაკუთრებული საჩუქარი იმ ათასობით მსმენელის სიყვარული იყო, რომელიც მას კიდევ უფრო მეტი ნაწარმოების შექმნის სტიმულს აძლევდა.

სწორედ ერთგული გულშემატკივრების სიყვარულის დამსახურებაა, რომ მის მიერ დაარსებულმა ანსამბლმა “ივერიამ” ათეულობით წელი პოპულარობის ზენიტში გაატარა.

თავად კომპოზიტორი ამ ფაქტს ასე ხსნიდა:

”ჩემი მოღვაწეობის მანძილზე არასდროს მიმღერია არც პარტიისთვის და არც მთავრობისთვის. ჩემთვის მთავარია ხალხი, საქართველო, სიყვარული და მეგობრობა.

ანსამბლი “ივერია”, როგორი მაგარი რეპერტუარიც უნდა ჰქონოდა, ღვთის წყალობის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. უფლის იმედი თუ არ გაქვს ადამიანს, ყველაფერი დაკარგულია. როცა ხელოვანი ხარ, თუ ღვთისნიერი არ ხარ, ნულია შენი ფასი. მთავარია ადამიანობა და ღვთის წყალობა, რომელიც თითოეულ მორწმუნეზე სხვადასხვანაირად გადმოდის.

სახლში ათასობით წერილი მაქვს, რომლებიც განუწყვეტლად მომდიოდა. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არაფერია. ბევრს მოუწერია, თქვენმა სიმღერამ ქალი შემაყვარა და ცოლად მოვიყვანეო. ეს მართლა უდიდესი სიხარულია. ის სიკეთე, რომელიც ჩემს სიმღერებში იყო ჩადებული, უკან დამიბრუნდა და დღესაც ვღებულობ.

რელიგია და რწმენა ნებისმიერი ადამიანისთვის სათუთი და მნიშვნელოვანი თემაა. თავის ქებას არ დავიწყებ და ყველაფერს გულწრფელად გეტყვით: ფიროსმანივით ვარ, ეკლესიაში წელიწადში ერთხელ დავდივარ. ჩემი მეუღლე უფრო ხშირად დადის, ის ყოველ კვირას ტაძარშია, მე რატომღაც არ ვარ ეკლესიური. ნეტა, ყველას ისე სწამდეს ღმერთი, როგორც მე მწამს. ჩემთვის მთავარი არ არის ის მომენტი, რამდენად ხშირად ვივლი ტაძარში. მთავარია, დავიცვა ათი მცნება, შევასრულო უფლის მითითებები და ვიცხოვრო ცხოვრების იმ წესით, რაც დაგვიდგინა უფალმა, რასაც გვიქადაგებენ და გვასწავლიან…

მთელი ჩემი შემოქმედებითი წარმატებები და ანსამბლ “ივერიას” თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პოპულარობა უფლის წყალობად მიმაჩნია.

განსაკუთრებული სასწაულები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, ალბათ არ ვარ ამის ღირსი, თუმცა ნებისმიერი წარმატება ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი პატარა სასწაულია.

როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვკითხულობ წმიდა წერილებს, რაც უფრო ასაკში შევდივარ, უფრო ვუღრმავდები რელიგიის საკითხებს და მეტი და მეტი მაინტერესებს.

საგალობელი არასდროს დამიწერია, მაგრამ დავწერე სიმღერა “სანთელი” თემურ ჩალაბაშვილის ამავე სახელწოდების ლექსზე ჩემი კვინტეტისა და თემურ წიკლაურისთვის. სიმღერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ მოისმინა, დაგვლოცა და კურთხევაც მოგვცა მისი საჯაროდ გამომზეურებისა.”