7 მარტი, 2020

აასრულეთ ინოლა გურგულიას ანდერძი

აასრულეთ ინოლა გურგულიას ანდერძიკომპოზიტორმა, მომღერალმა და პოეტმა ინოლა გურგულიამ თავის შვილებს და მომავალ თაობებს ძალიან მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ანდერძი დაუტოვა: “იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო!”

საბედნიეროდ, ინოლა გურგულიას ანდერძი დღემდე სრულდება – მის სიმღერებს მღერიან მომავალი თაობები, ყველა ასაკის შემსრულებლები და მსმენელშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ხელოვანს ძალიან უყვარდა სიცოცხლე, სამყაროს თავისებური, ყველასგან განსხვავებული აღქმა ჰქონდა, თუმცა 48 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ავად იყო, შეწუხებული და მოწუწუნე ინოლა არავის უნახავს. მის სანახავად მისულ სტუმრებს სულ უმღეროდა და ამაღლებულ განწყობას უქმნიდა.

გიტარაზე დაკვრა მამიდამ ასწავლა, ჩონგურსა და ფანდურზე კი – ძიძამ. როგორც თავად ავტობიოგრაფიაში წერდა, 100-მდე სიმღერა დაწერა, თუმცა მხოლოდ 50-მდე სიმღერაა შემორჩენილი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უცებ იბადებოდა მელოდიაც და ტექსტიც და მომღერალი მათ არ იწერდა.

როდესაც ინოლა გურგულია ავად იყო, მეუღლე, არაჩვეულებრივი მუსიკოსი მიხეილ შუღლიაშვილი საწოლთან ეჯდა და მის სიმღერებს ნოტებზე იწერდა. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ არსებობს ინოლა გურგულიას დისკიც და სიმღერების სანოტო ჩანაწერიებიც.

ყველა სიმღერას თავისი შექმნის ისტორია აქვს. 5 სიმღერის გარდა, ყველა სიმღერის ტექსტი ინოლა გურგულიას დაწერილია. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის დროს მან გიული დარახველიძესა და მედეა სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ტრიო „სამაია“. მომღერლები ინოლა გურგულიას მიერ დაწერილ სიმღერებს ასრულებდნენ. გასული საუკუნის 60-იან წლებში ხელოვანი რამდენიმე ფილმში გადაიღეს, სადაც მისი სიმღერებიც გაჟღერდა. სამწუხაროდ, სიცოცხლის განმავლობაში მას არცერთი ოფიციალური ფირფიტა არ ჩაუწერია.

როცა ინოლა გურგულია გარდაიცვალა, მისი შვილები დავითი და ია 13 და 10 წლისები იყვნენ. მამამ მიხეილ შუღლიაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ შვილებს დედის ანდერძი შეესრულებინათ.

როდესაც მამას დედა მოენატრებოდა, იას დაუძახებდა და მის სიმღერას “ფიფქებს” ამღერებდა. იამ ნათესავისგან გაიგო, რომ დედა მის მსახიობობაზე ოცნებობდა. მიაჩნდა, რომ მორცხვი და მორიდებული გოგონა ამ პროფესიაში ყველაზე კარგად გაიხსნებოდა. ია შუღლიაშვილი ნამდვილად კარგი მსახიობია, ამის დასტურია მისი თეატრალური და კინოროლები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა და გამარჯვებები.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბედნიერია, რომ ინოლა გურგულიას მოესწრო და მისი მოფერება დღემდე ახსოვს. მის შემოქმედებასთან დაკავშირებით კი ასეთ ამბავს იხსენებს:

“როდესაც მოსწავლეებს სიმღერას ვასწავლი, ვცდილობ, გავაცნო ავტორი, ვილაპარაკო სიმღერაზე, მისი შექმნის ისტორია მოვყვე.
სიმღერაში “გვირილა” ინოლას აქვს ფრაზა – “მზიანი, რძიანი თეთრი გვირილა”. როცა ვთქვი, ხომ იცით, როგორია გვირილა-მეთქი, უცბად მესმის ერთ-ერთი ბავშვის, სამწუხაროდ, უსინათლო გოგონას ხმა – “მე არ ვიცი, როგორია გვირილა”. ძალიან განვიცადე, ეს იყო ჩემი დაუფიქრებლობის ბრალი. მივედი და ვუთხარი, სიმღერას როცა ვასწავლიდი, თვითონ მიხვდებოდა, როგორია გვირილა.
ინოლას სულს მინდა ვუთხრა მადლობა, რომ გამომიყვანა ამ უხერხული მდგომარეობიდან – როდესაც დამთავრდა გაკვეთილი, ჩემმა უსინათლო მოსწავლემ მთხოვა, მომიახლოვდიო და ყურში მითხრა ჩუმად, მართლა მივხვდი როგორია გვირილაო.

ინოლა გურგულიას გარდაცვალება მთელმა საქართველომ ძალიან განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ხელოვანის გარდაცვალებიდან მრავალი წელი გავიდა, ის დღესაც ცოცხალია თავისი გენიალური სიმღერებით და კიდევ დიდხანს იცოცხლებს, რადგან მისი შემოქმედება ისე ჟღერს, როგორც ახალი.

ინოლა გურგულია საბურთალოს პანთეონშია დაკრძალული.