22 თებერვალი, 2020

ჟან მარე – მარტოობით დატანჯული მსახიობი

ჟან მარე - მარტოობით დატანჯული მსახიობიფრანგული კინოს ლეგენდა ჟან მარე მარტოობისთვის განწირული ადამიანი აღმოჩნდა.

“ურჩხული და მზეთუნახავი”, “ორფეოსი”, “გრაფი მონტე-კრისტო”, “ნაპოლეონი”, “თეთრი ღამეები”, “ფანტომასი”, “საბრალონი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.

ბავშვობიდან მსახიობობაზე მეოცნებე ბიჭმა თავისი სურვილი რეალობად აქცია. პოპულარობას და წარმატებას გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი არმია მოჰყვა. მათ უმრავლესობას კი, რა თქმა უნდა, ქალბატონები წარმოადგენდნენ.

ჟან მარეს ია-ვარდით მოფენილი ცხოვრების გზა ნამდვილად არ ჰქონია. მან სირთულეებთან და პრობლემებთან ბრძოლა ბავშვობიდან დაიწყო. მომავალი მსახიობის დედა სახლიდან ხშირად მიდიოდა და დიდხანს არ ბრუნდებოდა. ბებია ბავშვს უხსნიდა, რომ დედა გადაუდებელი საქმის გამო ქვეყნიდან წავიდა. სინამდვილეში კი ჟან მარეს დედა კლეპტომანი იყო და ამის გამო გამუდმებით ციხეში ხვდებოდა.

ჟან მარე ქუჩაში იზრდებოდა, ის ხშირად ჩხუბობდა, იტყუებოდა და ქურდობდა. “მონსტრი ანგელოზის სახით” – ეს მომავალი მსახიობის მეტსახელი იყო. ბევრი ირწმუნებოდა, რომ ის თავის ცხოვრებას ციხეში დაასრულებდა, მაგრამ ბიჭი მსახიობობაზე ოცნებობდა.

მისი კინოკარიერა ერთ-ერთი ფილმის მასიურ სცენაში მონაწილეობით დაიწყო. ჟან მარეს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც პოეტსა და რეჟისორს ჟან კოკტოს შეხვდა. სწორედ მან გააცნო მთელს მსოფლიოს უნიჭიერესი ჟან მარე. რეჟისორი მას მუდმივად მთავარ როლებს ათამაშებდა და სწორედ ჟან კოკტო გახდა მსახიობის ნამდვილი სიყვარული. მათ ერთად 25 წელი იცხოვრეს, რეჟისორის გარდაცვალებამდე და ამის შემდეგ, მსახიობს ნამდვილი სიყვარული აღარ განუცდია.

ჟან მარე არასდროს მალავდა თავის ბისექსუალობას და ღიად საუბრობდა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობები ჰქონდა ქალბატონებთან, მაგრამ არც ერთი მათგანი არასდროს ჰყვარებია. რომელიმე მათგანი მისგან რომ დაორსულებულიყო, მომავალი შვილის დედაზე აუცილებლად დაქორწინდებოდა, მაგრამ ღმერთმა არ ინება, რომ მამა გამხდარიყო.”

ჟან მარემ ნაცნობი ბოშასგან 19 წლის ბიჭი იშვილა, განათლება მისცა და ყველაფრით უზრუნველყო, თუმცა ბიჭს არ სურდა ისეთი რეპუტაციის ადამიანს დაახლოვებოდა, როგორიც ჟან მარე იყო.

წლების მატებასთან ერთად, მსახიობმა ფილმებში მონაწილეობა შეამცირა და ქანდაკებებზე მუშაობა დაიწყო. ამბობენ, მისი ნამუშევრით პაბლო პიკასოც კი აღფრთოვანდა და განაცხადა: “რატომ კარგავს ეს ნიჭიერი ადამიანი დროს კინოზე?!”

სიბერეშიც კი ჟან მარე არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში იყო, თუმცა შინაგანად მაინც ბავშვად დარჩა. არავის არასდროს გაუგია, რომ მას მარტოობასა და ასაკზე ეწუწუნოს. მსახიობი ფიზიკურად და სულიერად ვერავინ გატეხა, თუმცა ვინ იცის, მთელი ცხოვრების განმავლობაში გულით რამხელა დარდსა და ტკივილს ატარებდა.