6 თებერვალი, 2020

თეატრის რელიგია მიხეილ თუმანიშვილისგან

თეატრის რელიგია მიხეილ თუმანიშვილისგანქართული თეატრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა 57 წლის ასაკში შექმნა პატარა, მაგრამ საკუთარი თეატრი, რომლის მსგავსი მისი განცხადებით, არსად იყო:

“…57 წლისა გავხდი. რატომღაც მილოცავენ, იმის მაგივრად, რომ კიდევ ერთი დაკარგული წელი მომისამძიმრონ.

თუმცა, ეს წელი მაინცდამაინც დაკარგული არ იყო – თეატრი შევქმენი! პატარა, მაგრამ ჩემი თეატრი! ასეთი თეატრი არსად არის. სად შეიძლება მოიძებნოს თეატრი, სადაც სპექტაკლის დღეს ძალიან დაწვრილებით და დიდხანს გადიან სცენებს ამ სპექტაკლიდან? სად არის ისეთი თეატრი, სადაც დღევანდელი სპექტაკლის ყველა მონაწილე, დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე, მობილიზებული, მაქსიმალურად ყურადღებამოკრებილია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

მსახიობები ფოიეში შუქს აქრობენ, სანთელს ანთებენ, მის ირგვლივ მუქ სილუეტებად იკრიბებიან, ვიღაც მუხლებზეც კია დაჩოქილი. მურმან ჯინორია ჩუმად იწყებს: – “გაიხსენეთ, რისთვის გამოდიხართ სცენაზე? აქტიურად ვიფიქროთ ჩვენს როლებზე, რატომ და რისთვის გავდივართ სცენაზე. რა ფუნქცია აქვს ჩვენს როლს. გაიხსენეთ, რომ ჩვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ დედამიწის ზურგზე, საშუალება გვაქვს, ჩვენი სათქმელი ვთქვათ სცენიდან. მოემზადეთ, გაიხსენეთ, ვის და როგორ თამაშობთ…”

ყოველ ჯერზე ეს სიტყვები ახალია, კონკრეტული, განწყობის შექმნაში გეხმარება. მერე, ოდნავ გასაგონად მღერიან (მზია იწყებს) თავის ჰიმნს და ვიღაც აქრობს სანთელს. ამ დროს კი მაყურებელთა დარბაზში უამრავი ხალხია. მათ რომ იცოდნენ, ამ წუთებში კულისებში რა ხდება, ყველანი იქ შემოცვივდებოდნენ ამ ჭეშმარიტი რიტუალის სანახავად – სხვაგან რომ არსად არსებობს, ისეთი თეატრის რიტუალისა, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე თავად სპექტაკლი. ის უნიკალურია!

სად არის კიდევ თეატრი, სადაც ყველა რეჟისორი, ჩემი მეთაურობით, მსახიობთა თამაშის, განათების, მუსიკის და ა.შ. სულ უმცირეს შეცდომებსა და უზუსტობებს პედანტურად იწერს. სად არის კიდევ თეატრი, სადაც სპექტაკლის შემდეგ (ჯერ კიდევ გრიმსა და კოსტიუმებში) იწყებენ გარჩევას – ვინ როგორ ითამაშა და რა აკლდა დღევანდელ წარმოდგენას. სად არის კიდევ თეატრი, სადაც ყოველი სპექტაკლის შემდეგ მსახიობებს ნიშნებს უწერენ? – არსად. ეს არაჩვეულებრივია, ეს რწმენაა, რელიგია თეატრისა!

მიყვარს თეატრი! მაგრამ ჩემი მსახიობებისთვის მეტი ალერსი უნდა გავიღო. აი, რა მაკლია. მე – მხოლოდ ვითხოვ, ალერსი კი – სასწაულებს ახდენს.

1978 წ. 6 თებერვალი”