5 თებერვალი, 2020

თამაზ ჩხენკელი გალაკტიონ ტაბიძეზე

თამაზ ჩხენკელი გალაკტიონ ტაბიძეზეპოეტი თამაზ ჩხენკელი მისი უფროსი კოლეგის გალაკტიონ ტაბიძის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ისტორიებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით იგონებდა:

“1. უძოდან მოვდივარ. ზემო წყნეთს გამოვცდი და მოსახვევში დავინახე გალაკტიონი, რაღაცას მისჩერებოდა. მივიხედე, რას უყურებს-მეთქი. ის იყურებოდა ბავშვთა ბანაკის მიმართულებით, რომლის ჭიშკარზე გამოკრული იყო ლოზუნგი: ბედნიერი ბავშვობისთვის მადლობა კომუნისტურ პარტიას…
ახლა ვფიქრობ, რომ გალაკტიონის მაშინდელ გამომეტყველებას შეიძლებოდა დარქმეოდა სარკასტული. მაგრამ სინამდვილეში? სინამდვილეში ჩემს ხსოვნაში ჩარჩენილი გალაკტიონის სახის გამომეტყველების მიახლოებითი ახსნაც კი შეუძლებელია.

2. თავისუფლების მოედანზე შორიდანვე შევნიშნე გამზირიდან მომავალი გალაკტიონი. ჩემს წინ, მხარმარცხნივ გოგო-ბიჭი მიდიოდა. ბიჭი გოგოს მხარზე ხელგადახვეული მოდიოდა და რაღაცას ელაპარაკებოდა. ჩანდა, რომ მთელი ქვეყანა ფეხებზე ეკიდა. მოახლოებულმა გალაკტიონმა თვალების ოდნავი ღიმილით მანიშნა – რა უდარდელია, რა მშვენიერია და რა გულუბრყვილოა მათი სიყვარულიო. ამ წინასწარ ნაგულისხმევი შინაარსის უნდა ყოფილიყო გალაკტიონსა და ჩემს შორის ეს წამიერ-ხალისიანი კონტაქტი.

3. გვიანი ღამეა. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოსთან” ჩამოვედით მე და რამაზ პატარიძე. ამ დროს უნივერმაღის (ახლა ბანკია) მოსახვევიდან ჩქარი ნაბიჯით გამოიჭრა გალაკტიონი. ქუჩაში სხვა არავინ იყო და ჩვენ მოგვმართა ნერვიული ხმით: წარმოგიდგენიათ, ყმაწვილებო, დედას იგინებიან (შესახვევიდან რაღაც ჩოჩქოლი მოისმოდა). ვიტრინების სინათლის ზოლში რომ შევედით, გალაკტიონი ნელა მოგვიახლოვდა, თავზე ორივეს თავისი ვეებერთელა ხელები დაგვადო, ცერები წარბებზე გადაგვისვა: რა კარგი წარბები გაქვთ, რაღაცნაირი ინტონაციით თქვა და მოგვშორდა, იქვე, თავისი სახლისკენ გადაჭრა ქუჩა.

4. აკადემიის (პ. ინგოროყვას ქუჩაზე) ერთ-ერთი ოთახიდან რომ გამოვედი, კიბის თავში მდგარმა თვალი მოვკარი გალაკტიონს. მან ამოათავა მეორე სართულზე ამოსასვლელი კიბის ნახევარი, ბაქანზე მოაჯირს ხელშეჭიდებულმა შეისვენა და ამოიხედა. შემოდგომის მზიანი ამინდი იყო, სინათლიანი. გალაკტიონმა ამოიხედა და მე დავინახე მისი დიდი სხივოსანი თვალები, მზით და სიყვარულით სავსე. ერთხანს ასე მიმზერდა (ჩემს გარდა იქ არავინ იყო), მერე, როგორც ჩანს, იაზრა, რომ მე არ დავეშვებოდი კიბეზე, სანამ ის არ ამოვიდოდა… და დაიძრა. თუ რა მოხდა ამის შემდეგ, რომც მახსოვდეს, არ ვიტყვი…

5. არჩილ სულაკაურს თავის წიგნში (1951 წ.) ჰქონდა ასეთი სტრიქონები: “თეთრი ნიჟარა ჩამომჯდარიყო გალაკტიონის გადაშლილ წიგნზე”. ეს წაეკითხა გალაკტიონს და უნებებია ავტორის ნახვა, რაც მისი გერის მონაწილეობით განხორციელდა კიდეც. არჩილის თხოვნით მეც აღმოვჩნდი ამ სტუმრობაში ჩართული. იქ მე ვნახე “ტანჯვით და რეფლექსიით” გაწამებული კაცი, რომელიც უხერხულად მოძრაობდა, აბურდულად ლაპარაკობდა და მაშინდელი ჩემი შეგრძნებით სასაცილო იყო და მე ძლივს ვიკავებდი სიცილს, რის გამოც მისი არცერთი სიტყვა არ მახსოვს, მაგრამ როცა გარდაიცვალა და მწერალთა სასახლის ბაღში თავი შევიყარეთ მეგობრებმა, ჩემდაუნებურად ტირილი ამივარდა, რადგან მომეჩვენა, რომ ნათლის უზარმაზარმა ჩქერალმა სამუდამოდ მიატოვა საქართველო.”