13 თებერვალი, 2020

სიყვარულის ინსტრუქციები გიორგი კეკელიძისგან

სიყვარულის ინსტრუქციები გიორგი კეკელიძისგანსიყვარულთან დაკავშირებით, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე სიყვარულის ინსტრუქციების მისეულ ვერსიას გვიზიარებს:

“1. ნუ დაიჯერებ, რომ ღამეებს ვათენებ შენთვის,

2. ნუ დაიჯერებ, რომ ღრუბლებში ვიცხოვრებთ მუდამ,

3. ნუ დაიჯერებ, რომ ცამდე სწვდება ჩემი სიყვარული,

4. ნუ დაიჯერებ, რომ თავს მოვიკლავ, თუ სადმე წახვალ,

ნუ დაიჯერებ, რადგან მიყვარხარ.

1. სიყვარული ძილს უნდა ჰგავდეს, დაგვეძინოს და არ გაგვეღვიძოს. და მერე ერთად გამოვთალოთ საგზლად სიზმრები. ამიტომაც არ ვათენებ ღამეებს შენთვის

2. სიყვარული მიწაზე უნდა ეგდოს, მიწას სუნთქავდეს, თორემ ერთხელ ჩაგვივლის და ვეღარ გვიცნობს, ვეღარ გვიყნოსავს – ჩვენ – მიწისგან შექმნილ არსებებს. ამიტომაც არ ვიცხოვრებთ მუდამ ღრუბლებში.

3. როგორ უნდა გაზომო სიყვარული,
როცა ნაბიჯებით ითვლი
ნაბიჯებით ითვლი და მუხლი გეკეცება, სანამ მიაღწევ.
ამიტომაც არავინ იცის მისი სიგრძე.
ამიტომაც ნუ დაიჯერებ რომ ცას წვდება სიყვარული, თუნდაც მეათეს

4. ხან სიყვარული ისე მაღლაა –
თავის მოკვლაც აღარ გინდება,
ამოსული სულიც ვერ შეწვდება იმ სიმაღლეებს.
ამიტომაც შენს თავში ზიხარ,
მოწყენილი. უიარაღო.
ამიტომაც არ მოვიკლავ თავს შენთვის, ამიტომაც – რადგან მიყვარხარ.”