15 თებერვალი, 2020

საოცარი მიძღვნა ერეკლე მეფეს

საოცარი მიძღვნა ერეკლე მეფესერეკლე მეფეს 9 შვილის დედამ, ქიზიყელმა ქვრივმა ახუამ საოცარი დატირება მიუძღვნა.

ნოდარ პაპუაშვილი, ხელოვნებათმცოდნე:

“არ გააღარიბოთ საქართველოო…

ნეტავ ვინ იყო, ქიზიყის რომელი სოფლიდან, რა გვარის… სახელი კი… არა ქართული, ან იქნებ ძველი… ხმით ნატირალია. ქიზიყშიც შევხვედრივარ ხმით ნატირალს. ისეთს, რომ დაგბურძგლავს და გაგაციებს, ბუსუსი რომ აგეშლება და გულს ვეღარ იოკებ, სისხლიც რომ გეყინება თანდათან… ზოგნი იტყვიან, ეგ არქაულია და იქამც იყოსო…

მეფე ერეკლეს დატირება

“მეფევ! ვაი ჩემს თავს, მეფევ!
ისევ ჩემ ძმას გავარდეს ბრძოლაში
ხელიდან ხმალ-ხანჯალი,
მკათათვეს, სამკალში – ცელ-ნამგალი…
მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!
შენ შეგრჩეს ხელში გუთანი და საკვეთელი!
მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!
ისევ ჩემი ძმა ნუ მოეფერება
გაზაფხულზე იასა და ფურისულას,
შენ მოუალერსე ვაზსა და მატიტელას…
მეფევ, ვაი, ჩემს თავს, მეფევ!
ისევ ჩემმა ძმამ იაროს
შავეთის მიწა-წყალზე ფეხშიშველამ-
იტკინოს ფეხის გული,
შენ ნუ გააღარიბებ საქართველოს
ცალ ფეხზე სიარულით.
ვაი ჩემს თავს, მეფევ!
ისევ ჩემი ძმის ხმალი იყოს
სუდარით დარახტული,
უკუღმა შეკაზმული,
შენ ცხენს სულ ეკიდოს
მშვილდ-ისარი დაგზნებული.
მეფევ! ვაი ჩემს თავს, მეფევ!
ისევ ჩემ ძმას ეცვას
მიწის ჩოხა-ახალუხი,
შენ კი გეხვიოს
მზისა და მთვარის ყაბალახი.
აჰა, ვაგლახ-მე, მეფევ ბატონო!
შვილნო და შვილიშვილნო,
ცხრა შვილის დედა ვარ და
ფიქრი დამდევს ცხრა გზიანი,
არ გააღარიბოთ მიწა-წყალი,
მომკელ-მომხვნელით, მჭამელ-მცოხნელით.”

ქიზიყელი ქვრივი ახუა. 1898 წელი, იანვარი…

პ.ს. ვინც ჩაიწერა, მადლი და სანთელი იმას და ეს ცხრა შვილის დედის სიტყვა მადლიანიც ყოფილა – არ გააღარიბოთ, მიწა-წყალიო!”