ყველაზე საყურადღებო გზავნილი გელა ჩარკვიანისგან

ყველაზე საყურადღებო გზავნილი გელა ჩარკვიანისგანგელა ჩარკვიანს ათასობით გულშემატკივარი ჰყავს. დიპლომატი, მწერალი და მუსიკოსი ყველაზე საყურადღებო თემატიკაზე საუბრობს, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

“სანამ შენი რეპუტაცია საბოლოოდ ჩამოყალიბდება, გრძელი გზა გაქვს გასავლელი. ხალხს არ უნდა დაიჯეროს/აღიაროს, რომ რაღაც საქმეში ნიჭიერი ხარ და მაგარი. ახლობლების დარწმუნებაც კი დიდი ამბავია. მგონი, სხვების დარწმუნებაზე უფრო დიდიც.

როცა ჩემს ინგლისურზე გარკვეული ადამიანები ძალიან დადებითად ალაპარაკდნენ, მეორენი მათ ბოლომდე ვერ/არ ეთანხმებოდნენ და მიზეზებს ეძებდნენ, რომ დაეკნინებინათ ჩემი, ასე ვთქვათ, „მიღწევები“.

„კი ბატონო, იცის, მაგრამ მაინც ეს უფრო ხმის ამბავია. ტემბრი აქვს კარგი,“ – მუდამ იმეორებდა ერთი სერიოზული კაცი, როცა ჩემს გამოსვლას ან ზეპირ თარგმანს ძალაუნებურად მოისმენდა/დაესწრებოდა.

მეორე არანაკლებ სერიოზული არსება აქცენტს ჩემს მსახიობურ ნიჭზე აკეთებდა.

„მაგარი არტისტია და ამით ქმნის კარგი ინგლისურის ილუზიას“.

მე რომ მომღერლობაზე ან მსახიობობაზე მქონოდა პრეტენზია, ეს ორი სუბიექტი ნამდვილად სულ სხვა მიზეზებს მოიყვანდნენ ჩემი ვოკალური შესაძლებლობებისა და სასცენო უნარების გასაბიაბრუებლად.

ბოლოს დადგა დრო, როცა მე ინგლისურად სპიჩების წერა დავიწყე და მათ ქება დაიმსახურეს. ნაწერში ვერც ხმის ტემბრს ჩადებ და ვერც მსახიობურ ნიჭს გამოიყენებ. შენი იარაღი მხოლოდ ენაა.

ერთი გაჩუმდა, მეორემ თქვა, სხვა უწერსო, თუმცა არ უცდია გაერკვია, ვინ იყო ის ქველი ანონიმი, თავის ნაწვალებზე ხელს რომ მაწერინებდა და ჩემს წარმატებაზე ასე უანგაროდ ზრუნავდა.”