პავლე ინგოროყვას განსაკუთრებული ისტორია

პავლე ინგოროყვას განსაკუთრებული ისტორიალიტერატურათმცოდნის, პუბლიცისტისა და ისტორიკოსის პავლე ინგოროყვას ცხოვრებაში ბევრი განსაკუთრებული ისტორია იყო, თუმცა პოეტი თამაზ ჩხენკელი ერთ-ერთ მათგანს ყოველთვის გამორჩეულად იხსენებდა:

“პავლე ინგოროყვა პავლე ინგოროყვას განსაკუთრებული ისტორია რესტორან „ინტურისტში“ ყავაზე შევიპატიჟეთ სარგის ცაიშვილმა, გურამ გვერდწითელმა და მე. საარაფრო საუბარში ბატონმა პავლემ სტამბოლის ყავა გაიხსენა და შეაქო. ჩავეძიეთ და ამ სიტყვას აი, რა მოაყოლა:

1919 წელს ის სწვევია ახმედ თავდგირიძეს, თურქეთის დიდი სამხედრო მოხელის ძმას, რომლის სახლი სტამბოლის გარეუბანში მდგარა. გარეუბნის სახელი დამამახსოვრდა – „საბანჯა“. სწორედ იქ საუბრობდნენ ფინჯან ყავაზე სამშობლოდან გადახვეწილი ახმედ თავდგირიძე და მასთან სტუმრებული (დიპლომატიური მისიით) პავლე ინგოროყვა. რას შეეხებოდა ეს საუბარი, მას არ უთქვამს. მხოლოდ ერთი საგულისხმო დეტალი გაგვიმხილა:

– ბატონო ახმედ, – უკითხავს სტუმარს, – რას ნიშნავს ეს სიმინდის ყანა თქვენს ეზოში, გზის გარდიგარდმო?

მასპინძელს ნაღვლიანად განუმარტავს:

– ეს ყანა… რომ გავხედავ, ქობულეთს მახსენებსო.

პავლე ინგოროყვას დიპლომატიურ მოღვაწეობაზე ზოგი რამ მსმენია. 20-იან წლებში თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი რომ დგინდებოდა, ბატონ პავლეს საზღვრების დამდგენ კომისიაში ძველი ნაცნობი გამოუნახავს და იმ ნაცნობის საშუალებით პავლე ინგოროყვას ენერგიული ჩარევა რომ არა, სარფი საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩებოდა. ეს ამბავი ერთმა პარტიულმა ფუნქციონერმა უამბო არჩილ სულაკაურს და იქიდან ვიცი.

რესტორნიდან რომ გამოვედით, ბატონი პავლე და მე ერთად გავუყევით რუსთაველის გამზირს და მე კიდევ მოვისმინე ისეთი რამ, რაც დღემდე მახსოვს. ოპერის თეატრს რომ მივუახლოვდით, სიტყვა 37 წელზე ჩამოვარდა. ბევრი რამ ვკითხე, მაგრამ ძუნწად მპასუხობდა. ის კი მითხრა, თუ როგორ დაიბარა საქართველოში ჩატარებული უპრეცედენტო რეპრესიების ავტორმა: კარი რომ შევაღე, ადგილიდან წამოიჭრა, სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ და ეს სიტყვები მომახალაო: Почему грузинская интеллигенция ненавидит советскую власть!

მაგრამ აკი იმავე ხანებში გაიმართა ყოვლად სამარცხვინო თავყრილობა, რომლის გადაწყვეტილებით (ეს გადაწყვეტილება საქართველოს კომპარტიის მიერ იყო ინსპირირებული) უნივერსიტეტიდან მოიკვეთეს მისი დამაარსებელი. ქართული ინტელიგენციისადმი სიძულვილმა სწორედ აქ ამოხეთქა.

იმ დღეს უნივერსიტეტიდან წამოსული ივანე ჯავახიშვილი (ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რა უტრიალებდა გულში!) პავლე ინგოროყვასთან მივიდა და სხვასთან არავისთან. ნურაფერს მკითხავო, – უთხოვია მასპინძლისთვის, – ცოტა ხანს ვიქნები შენთანო. ასე მსხდარან ერთმანეთის პირისპირ, უხმოდ…

ზემოხსენებულის მსგავსი სამარცხვინო თავყრილობა, ოღონდ პავლე ინგოროყვას წინააღმდეგ, მწერალთა სასახლეშიც ჩატარდა 1966 წელს, მისი ერთ-ერთი ლიდერის თაოსნობით და ინსპირაციით. იგი მიზნად ისახავდა ქართულ საზოგადოებაში პავლე ინგოროყვას დიდი ავტორიტეტის სრულ ლიკვიდაციას.

მე ჩემი თვალით ვნახე ამ კარგად ჩაფიქრებული ანტიქართული, ბესტიალური მაქინაციის ამაზრზენი სურათი, სადაც კარიერისათვის დამანგრეველი ძალით მებრძოლი ზოგიერთი ახალგაზრდა მეცნიერი და მწერალი საცოდავი მარიონეტის როლს ასრულებდა. ჩამქოლავი წამოძახილები ადგილებიდან. პავლე ინგოროყვას გაქვავებული სახე. ამ სპექტაკლის ფარული დირიჟორი პარტია იყო, რომელიც გულმოდგინედ ასრულებდა მოსკოვის ანტიქართულ დირექტივებს…”