16 თებერვალი, 2020

მარინე თბილელი სანდრო ჟორჟოლიანზე

მარინე თბილელი სანდრო ჟორჟოლიანზემსახიობი მარინე თბილელი თავის უფროს კოლეგას სანდრო ჟორჟოლიანს ყოველთვის დიდი სიყვარულით იგონებდა:

“ბატონი სანდრო, ანუ როგორც ჩვენ ყველანი მას ხუმრობით მივმართავდით “მაქსიმიჩი” დასში ყველაზე უფროსი გახლდათ. იგი ძალზე საყვარელი მოხუცი იყო, თუმცა მოხუცს ვერ უწოდებდით. ის ხომ ყოველთვის ეტრფოდა ახალგაზრდობას, გულგრილად არასოდეს ჩაუვლიდა ლამაზ ქალს.

დილიდანვე კოპწიად ჩაცმული, გაპარსული გამოდიოდა სახლიდან. დღე არ გავიდოდა, რომ თეატრში არ შემოევლო, თუნდაც საქმე არ ჰქონოდა. თეატრის ინტერესებით ცოცხლობდა და სულდგმულობდა.

როგორც ფრანგული ენის ჩინებულ მცოდნეს, სახლში გამოწერილი ჰქონდა გაზეთი “ლუმანიტე”. თუკი რაიმე საინტერესო წერილს აღმოაჩენდა, მაშინვე მოჰქონდა ჩვენთან და ყველას გვიკითხავდა.

კომედიური პლანის მსახიობებისგან განსხვავებით, სანდრო ცხოვრებაში ზედმეტად სევდიანი, ჩაფიქრებული იყო. ერთი შეხედვით მოგეჩვენებოდათ, თითქოს რაღაც აწუხებსო. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, არასოდეს არავის საქმეში არ ჩაერეოდა.

როგორ გვანებივრებდა ქალებს ყოველ რვა მარტს – მოგვიტანდა სასმელს, ტკბილეულობას, ფოიეში მაგიდას გავშლიდით, შუაში “მაქსიმიჩს” ჩავისვამდით და მოვულხენდით… მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

წავიდა ჩვენგან ბატონი სანდრო და რვა მარტმაც იცვალა სახე. მართალია, თეატრის მამაკაცები ტრადიციულად აღნიშნავენ ხოლმე ქალთა დღეს, მაგრამ “ჟორჟოლიანისეული წვეულებები” წარუშლელია ჩვენს მეხსიერებაში.”