“Les Géorgiennes” – ფრანგული ოპერა ქართველ ქალებზე

"Les Géorgiennes" - ფრანგული ოპერა ქართველ ქალებზე“Les Géorgiennes” – „ქართველი ქალები“ ასე ეწოდება სამმოქმედებიან ფრანგულ ოპერა-ბუფას, რომელიც XIX საუკუნეში მოღვაწე ცნობილმა ფრანგმა კომპოზიტორმა ჟაკ ოფენბახმა დაწერა.

ინფორმაციას ლაშა გასვიანი ავრცელებს:

ლიბრეტოს ავტორია ჟიულ მუანო, რომლის შექმნაშიც მას დახმარება მისმა მეგობარმა, ასევე ცნობილმა დიდმა ფრანგმა მწერალმა, ალექსანდრე დიუმა მამამ გაუწია (დიუმა ნამყოფი იყო საქართველოში 1858-59 წლებში).

აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკალური თხზულება ოფენბახსა და მუანოს შორის ბოლო თანამშრომლობა იყო. მისი პრემიერა, პარიზის თეატრ ვარიეტიეში, შუაზელის დარბაზში, 1864 წლის 16 მარტს გაიმართა და მან დიდი წარმატებით ჩაიარა.

წლების მანძილზე ოპერეტა დაკარგულად იყო მიჩნეული. თუმცა, 2019 წლის დეკემბერში, ასოციაციამ „Le Groupe Lyrique“ საზოგადოებას აუწყა ორიგინალი ხელნაწერის მიხედვით ნაწარმოების ხელახლა დაბადების შესახებ (როგორც აფიშაზე ეწერა: “Recréation mondiale”), რომელსაც ბერნარდ ტომასის ორკესტრი ლორან ზაიკის დირიჟორობით პარიზის სენ-ჟერმენის დარბაზში შეასრულებდა. დამდგმელი რეჟისორი – რენო ბუტინი.

საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ოპერეტის “Les Géorgiennes” („ქართველი ქალები“) თანამედროვე პრემიერა სულ ახლახან, 7 და 8 დეკემბერს, კვლავ პარიზში გაიმართა. (2019 წელს, ოფენბახის დაბადებიდან 200 წელი შესრულდა და როგორც ჩანს, ამ ღირსშესანიშნავ საიუბილეო თარიღს უკავშირდება ოპერეტა “ქართველი ქალების” ხელახალი მსოფლიო პრემიერაც.).

1867 წლის აგვისტოში, პერიოდული გამოცემა „Revue et gazette musicale de Paris” იუწყებოდა, რომ ნაწარმოები საუცხოოდ მიიღეს გერმანიაში, კერძოდ ქალაქ ბრესლაუში.

1874 წელს კი, ოპერეტა არაერთხელ, დაახლოებით 100-ზე მეტჯერ დაიდგა ნიუ-იორკში და მას აქაც უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. ნიუ-იორკის თეატრმა „ცენტრალ პარკისგან“ ნამდვილი სპილოც კი იქირავა, რათა მას წარმოდგენაში მიეღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, იყო ასევე მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ ოპერეტა არც თუ ისეთი წარმატებული იყო და არც ბანალურ, პრიმიტიულ და ხანდახან არც ვულგარულ პასაჟებსაც არიდებდა თავს.

მუსიკისა და თეატრის კრიტიკოსი, ფრანგი ჟურნალისტი ბენუა ჟუვინი ოფენბახის მუსიკას დიდ შეფასებას აძლევდა. იგი გაზეთში „ფიგარო“ წერდა:

“ნაწარმოები “Les Géorgiennes” („ქართველი ქალები“) ჟაკ ოფენბახის დაწერილია. მისი შექმნით კომპოზიტორმა დიდად დაისვენა იმ უსაზღვრო გადაღლილობისაგან, რომელიც ქალაქ ვენაში მოპოვებული თავბრუდამხვევი წარმატებით იყო გამოწვეული. ამ საოპერო წარმოდგენაში უამრავი მუსიკა ჟღერს, სადაც ფეხს იქნევ, თავს არწევ და მოწონების ნიშნად სახეზე მოგვრილი ღიმილი თითქოს ასრულებს ბედნიერად დაწყებულ მელოდიას. ეს ოფენბახის ტრიუმფია. ესაა მისი ორიგინალურობა და ამაში მას ბადალი არ ჰყავს.“

ოპერეტას მოკლე შინაარსი ასეთია: ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირია პაშა როდოდენდრონი, რომელმაც თავისი ჰარამხანის განახლების მიზნით, საკუთარი 32 მონითა და ამდენივე სპილოთი ალყა შემოარტყა ქართულ სოფელ ჯეგანს. ავადმყოფობის გამო, ადგილობრივ კაცებს თავდამსხმელთა წინააღმდეგ ბრძოლის თავი არ ჰქონდათ. ამიტომ, შეურაცხყოფილმა და აღშფოთებულმა ქალებმა გადაწყვიტეს, ფეროზას მეთაურობით ხელში აეღოთ ძალაუფლება. მას ორი სხვა ქალიც ეხმარებოდა, სახელად ნანი და ზაიდა. მიუხედავად ამისა, მთავარი მედოლე-დეზერტირის ტანსაცმელში გადაცმულმა როდოდენდრონმა მოახერხა დამხვდურთა შორის გარეულიყო. თუმცა, იგი მაინც ამოიცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. როდოდენდრონი, ლაზარეთში მყოფ ჯეგანელ ლტოლვილ კაცებთან ერთად ქალაქიდან გაიქცა. ამჯერად, ბოშების ტანსაცმელში გადაცმულებმა, ქალაქში უკან შემოსვლისთანავე, მისი ხელახლა დაპყრობა განიზრახეს. ხოლო მას შემდგომ, რაც პაშა როდოდენდრონთან დაპირისპირება კვლავ მოუხდათ, ქალებმა ძალაუფლება საბოლოოდ ჯეგანელ მამაკაცებს გადასცეს.

მთავარი მოქმედი პერსონაჟები: პაშა როდოდენდრონი (ბარიტონი), ბობოლი (ტენორი), ჯოლ-ჰიდდინი (ტენორი), პოტერნო (ტენორი), კოკობო, ალტოკა, ბელანგარი, ვარვარა, კაზაკო, ასტრაკანი, ტაბაკო, ფეროზა (სოპრანო), ნანი (სოპრანო) – ამ როლს ასრულებდა ცნობილი ფრანგი მსახიობი და მომღერალი ზულმა (იგივე მაგდალენა) ბუფარი, ალიტა, ზაიდა, მილევა, ნაჯი, ზორა, მელანო, მირზა, ფატიმე, ნურიკა.”

"Les Géorgiennes" - ფრანგული ოპერა ქართველ ქალებზე